გრ. მუხაძის ქირურგთა საზოგადოების ყრილობა პროფესორ გურამ ტატიშვილის ხსოვნას მიეძღვნა

გრ. მუხაძის ქირურგთა საზოგადოების ყრილობა პროფესორ გურამ ტატიშვილის ხსოვნას მიეძღვნა

   
   

2016  წლის 25 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა გრ.მუხაძის ქირურგთა საზოგადოების ყრილობა, რომელიც საქართველოს ქირურგიული სკოლის ღირსეული წარმომადგენლის, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის, საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის, თსსუ-ის რექტორის მრჩეველთა საბჭოს წევრის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორი გურამ ტატიშვილის ხსოვნას მიეძღვნა.

ყრილობაზე შეკრებილ ქართველ ქირურგებს, სამედიცინო საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლებს, მიესალმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, რომელმაც გულისტკივილით გაიხსენა პროფესორი გურამ ტატიშვილი; ისაუბრა იმ ღვაწლზე, რაც მან დასდო საქართველოში ქირურგიის და, საზოგადოდ, მედიცინის განვითარებას. „ბატონი გურამის მოღვაწეობა საამაყო ფურცელია უნივერსიტეტის ისტორიისა. იგი თაობების მეხსიერებაში დარჩა, როგორც სამაგალითო პროფესიონალი და ღირსეული პიროვნება“- აღნიშნა რექტორმა.

შეკრებილ საზოგადოებას მიმართა ქირურგთა საზოგადოების ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ, პროფესორმა მერაბ კილაძემ, რომელმაც გაიხსენა ქირურგთა საზოგადოების დაარსების ისტორია, ვრცლად ისაუბრა პროფესორი გურამ ტატიშვილის ცხოვრებასა და ღვაწლზე და აღნიშნა, რომ მისთვის განსაკუთრებული პატივი და დიდი პასუხისმგებლობაა ხელმძღვანელობდეს საზოგადოებას, რომლის სათავეშიც, სხვადასხვა დროს, ქირურგიის კორიფეები, ბუმბერაზი ადამიანები იდგნენ. წარმოდგენილი იყო  უნიკალური ფოტომასალა. აღინიშნა უახლესი გეგმების შესახებაც, რომელთა შორის უმნიშვნელოვანესია საქართველოს ქირურგთა პირველი საერთაშორისო კონგრესის ჩატარება ოქტომბერში.

პროფესორი გურამ ტატიშვილი გაიხსენეს მედიცინის თვალსაჩინო წარმომადგენლებმა, პროფესორებმა: ფრიდონ თოდუამ, რამაზ ხეცურიანმა, ავთანდილ ჯორბენაძემ, ლაური მანაგაძემ, შოთა ჯაფარიძემ, რევაზ გაგუამ, თამაზ ჩხიკვაძემ, პალიკო კინტრაიამ, აკაკი ბერიძემ, გია გვაზავამ და სხვებმა.

„წუთისოფელი ისე უნდა განვლო, რომ უკან მოხედვის არ შეგრცხვეს, – ხშირად იტყოდა ხოლმე პროფესორი გურამ ტატიშვილი, – ეს იყო მისი ცხოვრებისეული კრედო, რაც აღასრულა თავისი ცხოვრებით და ღვაწლით“, – აღნიშნეს გამომსვლელებმა, რომლებმაც დიდი სითბოთი და სინანულით გაიხსენეს ის წლები, ის ურთიერთობა, რაც მათ პროფესორ გურამ ტატიშვილთან აკავშირებდათ.

აღინიშნა, რომ ბატონი გურამ ტატიშვილის ხსოვნის უკვდავსაყოფად გატარდება სხვადასხვა ღონისძიება, გრ. მუხაძის სახელობის ქირურგთა საზოგადოება კი იხელმძღვანელებს იმ პრინციპებსა და ფასეულობებზე დაყრდნობით, რაც მნიშვნელოვანი და ღირებული იყო პროფესორი გურამ ტატიშვილისთვის.