გრიპის პრევენციისთვის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი სადეზინფექციო კონტეინერებს ამონტაჟებს

გრიპის პრევენციისთვის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი სადეზინფექციო კონტეინერებს ამონტაჟებს

 

ზამთრის სეზონის ყველაზე აქტუალური თემა გრიპის გავრცელება და  პრევენციული ზომების მიღებაა.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ერთ–ერთი პირველი გამოეხმაურა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციას პრევენციული ზომების მიღების შესახებ და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინიტრაციული და სასწავლო კორპუსების, თსსუ–ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის, თსსუ–ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკისა და თსსუ–ის სამივე სტომატოლოგიური კლინიკის, სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტების შესასვლელ ფოიეებში დაამონტაჟეს ხელის სადეზინფექციო კონტეინერები. ამავდროულად, კორპუსის ფოიეში დამონაჟებულ მონიტორზე რეგულარულად ტრიალებს ინფორმაცია გრიპის კლინიკური ნიშნებისა და პროფილაქტიკური მეთოდების შესახებ.

მიმდინარე წლის 28 იანვარს  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული ეწვია, რომელმაც დაათვალიერა სადეზინფექციო კუთხე.

თსსუ–ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ  და მინისტრის მოადგილემ,  ნინო ბერძულმა, ადგილზე მოახდინეს სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით ხელების დამუშავება. 

ქალბატონმა ნინო ბერძულმა უახლესი ინფორმაცია მიაწოდა აუდიტორიას და ისიც აღნიშნა, რომ ვირუსულ გრიპთან დაკავშირებული პანიკური შიში ნელ–ნელა განელდა. თუ 22 იანვარს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში 3000–ზე მეტი ზარი დაფიქსირდა, დღეს ეს რიცხვი 2200–მდე შემცირდა. ცხელებისას დახმარებისთვის, ძირითადად, საოჯახო მედიცინის ცენტრებს მიმართავენ. 

როგორც თსსუ–ის ვიცე–რექტორმა გიორგი აბესაძემ აღნიშნა, საოჯახო მედიცინის სადღეღამისო ცენტრებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებიც მორიგეობენ.

სადღეისო მდგომარეობით, გრიპის გავრცელების ინტენსივობა საქართველოში ეპიდემიოლოგიურ ზღვარს არ აჭარბებს და შეადგენს 332.6-ს 100 000  ადამიანზე.  დაფიქსირდა 6 ლეტალური შემთხვევა. მრავალწლიანი დინამიკის მიხედვით გრიპის გავრცელების ეპიდემიური ზღვარია 450-500 შემთხვევა 100 000 მოსახლეზე.