ჰაიფას საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორები თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში

ჰაიფას საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორები თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში

   
   

2017 წლის 16-დან 19 ოქტომბრის ჩათვლით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკას სტუმრობენ ქ. ჰაიფას (ისრაელი) საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორები: ბავშვთა ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი რან შტაინბერგი, ქირურგი არკადი ვაჩიანი, ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჯოზეფ ჰაიმ ბენ არი და ანესთეზიოლოგი ამიტ ლეჰავი.

როგორც თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა ლია ძიძიგურმა აღნიშნა, ჰაიფას საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორების ვიზიტები საუნივერსიტეტო კლინიკისთვის უკვე ტრადიციად იქცა: „მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მათ  საექიმო და საგანმანათლებლო სფეროში გაწეული საქველმოქმედო საქმიანობისათვის. ისინი ათწლეულზე მეტია სრულიად უანგაროდ აკეთებენ რთულ და მნიშვნელოვან ქირურგიულ ოპერაციებს, კითხულობენ ლექციებს თსსუ-ის სტუდენტებისთვის, რეზიდენტებისთვის, ლექციები უაღრესად საინტერესოა ექიმებისთვისაც. მათი ყოველი ვიზიტი ძალიან ნაყოფიერი და მრავლისმომცემია როგორც პაციენტებისთვის, ისე სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მათ ჩვენი კლინიკისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სახელით“.

პროფესორები თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში ატარებენ კონსულტაციებს და ოპერაციებს. დაგეგმილია 11 ურთულესი ოპერაცია შემდეგი პათოლოგიების მიხედვით: ჰირშპრუნგის დაავადება,  უკანატანის თანდაყოლილი ატრეზია, სიმსივნური წარმონაქმნი მუცლის ღრუში, ნაღვლის საერთო სადინარის კისტა და სხვა.

ჰაიფას საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორმა ჯოზეფ ჰაიმ ბენ არიმ სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის  წაიკითხა ლექციები: „სეფსისი“, „შოკი“ და „მექანიკური ვენტილაცია“; ხოლო პროფესორი ამიტ ლეჰავი აუდიტორიას წარუდგენს ლექციას - „ტკივილის მართვა წინასაოპერაციო პაციენტებში“.

თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი თინათინ კუტუბიძე: „უცხოელ პროფესორებს, რომლებიც კლინიკას სტუმრობენ, ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ. ისინი გვიზიარებენ  საკუთარ გამოცდილებას. ყოველდღიურად მოდიან კლინიკაში  ნახულობენ პაციენტებს.  ისინი, ქართველ ქირურგებთან ერთად, ატარებენ ურთულეს ოპერაციებს ლაპარასკოპიული მეთოდით.

ამასთანავე, პროფესორებმა შემოგვთავაზეს  უაღრესად საინტერესო ლექციები. ლექციების თემა აქტუალურია  მთელ მსოფლიოსა და საქართველოშიც. თითოეული ლექცია ისეთი ფორმატითაა აგებული, რომ საინტერესოა  ექიმებისთვისაც და სტუდენტებისთვისაც“.