უნიკალური ჰერბარიუმი, გამშრალი და დაწნეხილი მცენარეების მდიდარი ფონდით, 100 წელზე დიდი ხნის ისტორიას ითვლის. ყველაზე უძველესი საჰერბარიუმო ნიმუში, რომელიც აქ ინახება, ვალერიანაა, ის 1910 წლით თარიღდება.
ჰერბარიუმში, რომელიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტს ეკუთვნის, 3000-მდე სახეობის 37 000 საჰერბარიუმო ნიმუშია დაცული. უნიკალური ნიმუშების ერთობლიობა არა მხოლოდ საქართველოს ფლორის მრავალფეროვნებას წარმოადგენს, არამედ ეს კავკასიის რეგიონის კულტურული ფლორის მცენარეთა მდიდარი ფონდიცაა.
ქართველმა მეცნიერებმა ნიმუშების შეგროვება, მათი შესწვლა და ჰერბარიუმში თავმოყრა, 100 წლის წინ დაიწყეს. ეწყობოდა ექსპედიციები და ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის თანამშრომლები საკუთარი ხელით აგროვებდნენ ნიმუშებს, რომელთა ნაწილიც ახლა უკვე უნიკალურია.
აქ დაცულ სახეობებს შორისაა კოლხური ბზის 14 ეგზემპლიარი, რომელიც თსსუ-ის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის თანამშრომლებმა 1934 -38 წლებში შეაგროვეს. კოლხური ბზა გადაშენების პირასაა. ის წითელ წიგნშია შეტანილი.
საჰერბარიუმო ნიმუშების მოპოვება, შეგროვება და შესწავლა ახლაც გრძელდება. უნიკალურ ჰერბარიუმს გამრავალფეროვნება არ შეუწყვეტია. მისი კოლექცია ყოველწიურად მდიდრდება.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის ჰერბარიუმი 2007 წლიდან შეტანილია საერთაშორისო ნუსხაში _ Index Herbariorum, დარეგისტრირებულია მის მე-IX გამოცემაში და მინიჭებული აქვს აკრონიმი.