ჰილდენსტაიმის საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორების: აქსელ რიხტერისა და იურგენ ტებელჯონასის ლექციები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

ჰილდენსტაიმის საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორების: აქსელ რიხტერისა და იურგენ ტებელჯონასის ლექციები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

   
   

2015 წლის 18-20 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას ეწვივნენ ჰილდენსტაიმის საუნივერსიტეტო კლინიკის (გერმანია) ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი აქსელ რიხტერი და ინვაზიური კარდიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი იურგენ ტებელჯონასი.  

ვიზიტის ფარგლებში გერმანელ კოლეგებს შეხვდნენ:  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ბავშვთა ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასოცირებული–პროფესორი ავთანდილ კუტუბიძე, პედიატრი, რევმატოლოგი, ასოცირებული პროფესორი თინათინ კუტუბიძე, ბავშვთა ქირურგი ასოცირებული პროფესორი მერაბ ბუაძე, თსსუ–ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ტერაპიის და კარდიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი კახაბერ ჭელიძე, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი დავით დელიბაშვილი.

შეხვედრისას  ქართველმა კოლეგებმა მადლობა გადაუხადეს გერმანელ პროფესორებს დახმარებისა და თანადგომისთვის. ასევე, გააცნეს კლინიკაში არსებული დეპარტამენტების მუშაობის სპეციფიკა და არსებული მდგომარეობა. განიხილეს მომავალი ურთიერთთანამშრომლობის საკითხები და პერსპექტივები. შეხვედრის დასასრულს ჰილდენსტაიმის საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორებმა დაათვალიერეს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის საოპერაციოები, კარდიოლოგიის დეპარტამენტი, გადაუდებელი დახმარების ცენტრი და ლაბორატორია.

კლინიკის დათვალიერების შემდგომ, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის საკონფერენციო დარბაზში გერმანელმა პროფესორებმა წაიკითხეს ლექციები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის:

„ონკოლოგიური ქირურგია და თანამედროვე ასპექტები“ – ჰილდენსტაიმის საუნივერსიტეტო კლინიკის ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი აქსელ რიხტერი;

„კარდიოლოგია თანამედროვე მედიცინაში“ – ჰილდენსტაიმის საუნივერსიტეტო კლინიკის ინვაზიური კარდიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი იურგენ ტებელჯონასი. 

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში განთავსებული პაციენტებისთვის უფასო კონსულტაციების გაწევა.