ჰობეიშ ტიფლისის წიგნის „სამედიცინო ენციკლოპედია“ პრეზენტაცია თსსუ–ში

ჰობეიშ ტიფლისის წიგნის „სამედიცინო ენციკლოპედია“ პრეზენტაცია თსსუ–ში

   
   

მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მოეწყო XII საუკუნის საქართველოში მოღვაწე სპარსულენოვანი სწავლულის – ჰობეიშ ტიფლისის წიგნის – „სამედიცინო ენციკლოპედია“ პრეზენტაცია.

აღნიშნული ნაშრომი ამჟამად გამოიცა ირანის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და კულტურის ინსტიტუტის მკვლევარის, სპარსული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტის, ასოცირებული პროფესორის, ქალბატონ ზეჰრა ფარსაფურის შესწორებებით. ის ასახავს ბერძნული, რომაული, ირანული და სხვა ცივილიზაციების შეხედულებებს მედიცინის დარგში. ნაშრომს ახლავს წყაროების ჩამონათვალი, რაც ძალიან ღირებულია.

ღონისძიება გახსნა  თსსუ–ის ასოცირებულმა პროფესორმა დავით თოფურიამ.

წიგნი წარადგინა ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, მისმა აღმატებულებამ, ბატონმა აბას თალები ფარმა. მან  მადლობა გადაუხადა თსსუ–ის რექტორს, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას, პროფესორ–მასწავლებლებსა და მეცნიერებს, სტუდენტებს. მან აღნიშნა, რომ ირანსა და საქართველოს ძალიან მდიდარი კულტურული ტრადიციები აქვთ. „ფახრ ედ–დინ ასად გორგანის ლიტერატურული ძეგლი „ვის ო რამინი“, რომელიც პირველი სპარსული ნაწარმოებია, სწორედ XII საუკუნეში ითარგმნა ქართულ ენაზე, მაშინ როცა ჰობეიშ თეფლისი „სამედიცინო ენციკლოპედიას“ წერდა“. ეს მჭიდრო კულტურული კავშირი სასურველია, გაგრძელდეს. მისმა აღმატებულებამ, ბატონმა ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ სამეცნიერო წრეებში დაინტერესდებიან ჰობეიშ ტიფლისის ნაშრომით, თარგმნიან და შეისწავლიან მას.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ: ირანის ისლამური რესპუბლიკის დესპანი საქართველოში, ბატონი მოჰსენ ქებრიაიზადე,საელჩოს კონსული, ბატონი მოჰამედ თავანა, მრჩეველი, ბატონი რეზა ფური, მესამე მდივანი, ბატონი სეიედ ალიაქბარ ჯებრაილი და წიგნის გამომცემელი, ბატონი აზიმი. 

სტუმრებს მიესალმა პარლამენტის ვიცე–სპიკერი გუბაზ სანიკიძე.

თსსუ–ის პროფესორმა რამაზ შენგელიამ მადლობა მოახსენა ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს ბატონ აბას თალიბი ფარსა და მკვლევარს, ქალბატონ ზეჰრა ფარსაფურს. ისაუბრა ამ ირანული ძეგლის ქართველ მკვლევარებზეც.

თსსუ–ის ვიცე–რექტორმა, პროფესორმა რიმა ბერიაშვილმა აღნიშნა, რომ თსსუ–ისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს პრეზენტაცია სწორედ აქ გაიმართა, როგორც საქართველოში სამედიცინო განათლების ალმა–მატერში.

ქალბატონმა ზეჰრა ფარსაფურმა ახალი წიგნის ორი ეგზემპლარი ავტოგრაფით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს გადასცა საჩუქრად.