იშემიური ინსულტების მკურნალობის ინოვაციური მეთოდი თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში

იშემიური ინსულტების მკურნალობის ინოვაციური მეთოდი თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში

2019  წლის 7 აგვისტოს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ინსულტის ერთეულის მულტიდისციპლინური ჯგუფის მიერ პირველად ჩატარდა თრომბოლიზისური  მკურნალობა, რომელიც იშემიური ინსულტების მკურნალობის თანამედროვე მეთოდს წარმოადგენს  და ტარდება თბილისის მხოლოდ რამდენიმე კლინიკაში.

მეთოდი გულისხმობს პრეპარატ  ქსოვილოვანი რეკომბინირებული პლაზმინოგენის აქტივატორის ინტრავენურ გამოყენებას, რომელიც წუთებში შლის თრომბს  თრომბო–ემბოლური ინსულტების დროს და სისხლძარღვის გამავლობას აღადგენს. ასეთი მკურნალობა ტარდება მკაცრი გაიდლაინების დაცვით  ე.წ. ,,თერაპიული ფანჯრის“ ფარგლებში (4სთ. 30წთ).  მნიშვნელოვანია, რომ პაციენტი სასწრაფო დახმარების მიერ  დროულად იქნას გადაყვანილი  უახლოეს  ინსულტის ცენტრში, სადაც მულტიდისციპლინური ჯგუფია, რომლის შემადგენლობაში შედის: ნევროლოგი, კარდიოლოგი, რადიოლოგი, რეანიმატოლოგი, რომლებიც  მუშაობენ  შეთანხმებულად, რათა პაციენტის მიყვანიდან 1 საათში (ოქროს შუალედი) მოხდეს თრომბოლიზისური მკურნალობის ჩატარება.    

მკურნალობის აღნიშნული მეთოდი აშშ–სა და ევროპაში  ერთ დეკადაზე მეტია დაინერგა, მაგრამ საქართველოში მისი გამოყენება სულ რამდენიმე წელია რაც დაიწყო, ჯერ კლინიკური კვლევის ფარგლებში (ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალი), შემდეგ ცალკეულ კლინიკებში (პინეო, ქირურგიის ინსტიტუტი).  მეთოდი უაღრესად ეფექტურია, რადგან სწორად ჩატარების შემთხვევაში  ინსულტის შედეგად გამოწვეული ინვალიდობა პრაქტიკულად არ აღინიშნება.  რაც მნიშვნელოვან შვებას წარმოადგენს როგორც პაციენტისა და მისი ოჯახის წევრებისათვის, ასევე  სახელმწიფოსთვის, რადგან იზოგება ინვალიდობის უზარმაზარი ხარჯები და სოციუმს უბრუნდება აქტიური  და შრომისუნარიანი ადამიანი. 

თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ბაზაზე თრომბოლიზისური მკურნალობის  ჩატარებისას, ნევროლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ მაია ბერიძის ხელმძღვანელობით, გუნდურად იმუშავეს ნევროლოგმა ნინო შუბლაძემ, ემერჯენსის ექიმმა ქეთევან საღრიშვილმა, რადიოლოგმა თემურ გოლეთინმა, კარდიოლოგმა ირმა ქათამაძემ და ემერჯენსის მიმართულების უფროსმა ექთანმა ქეთევან მწარიაშვილმა.  რომლებმაც 1 საათში ყველა გაიდლაინის დაცვით ჩაატარეს თრომბოლიზისი. მკურნალობამ წარმატებით ჩაიარა. პაციენტს, 63წ. მამაკაცს, რომელიც კლინიკაში შევიდა მეტყველების მოშლით და მარჯვენა კიდურების დამბლით  აღუდგა  მოძრაობა და მეტყველების უნარი. ამჟამად პაციენტი დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია და  ნევროლოგიური ფუნქციების  აღდგენით იმყოფება  კლინიკის ნეიროინტენსიურ განყოფილებაში. 

თსსუ-ის  პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ინსულტის ცენტრის ჯგუფს ევროპის ინსულტის ინიციატივის ,,Angels   Initiative“  ფარგლებში  ტრენინგი ჩაუტარდა გერმანიაში, ხოლო ქალაქ  მაინცში ჩაუტარდა შემაჯამებელი მომზადება.  ტრენინგის შემდგომ  თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ინსულტის ერთეულს მიენიჭა უფლებამოსილების სერტიფიკატი თრომბოლიზისური მკურნალობის ჩასატარებლად იშემიური ინსულტების დროს. 

ინსულტების  თანამედროვე მკურნალობა პირველ რიგში გულისხმობს განვითარებული რადიოლოგიური სამსახურის არსებობას. თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა აღიჭურვა 640 შრიანი კომპიუტერული ტომოგრაფით,  მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფით (1.5 ტესლა).  საუნივერსიტეტო  კლინიკაში უახლოეს მომავალში, ისრაელელ კოლეგებთან ერთად,  დაგეგმილია  ინსულტების ინოვაციური მკურნალობის  მიზნით კლინიკური კვლევის IMACT -2 გაგრძელება, სადაც  ფრთა–სასის კვანძის აქტივაციის მეშვეობით უნდა მოხდეს თერაპიული ფანჯრის გაზრდა თრომბოლიზისური მკურნალობისათვის.