ინდოეთის სამედიცინო საბჭოს დელეგაციის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

ინდოეთის სამედიცინო საბჭოს დელეგაციის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2013 წლის 18-20 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამუშაო ვიზიტით ეწვია ინდოეთის სამედიცინო საბჭოს დელეგაცია შემდეგი შემადგენლობით: დოქტორი ვიშვას მეჰტა – ინდოეთის ჯანმრთელობის დაცვისა და ოჯახის კეთილდღეობის სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი – დელეგაციის ხელმძღვანელი, დოქტორი რ. კ. სრივასტავა – ინდოეთის სამედიცინო საბჭოს თავჯდომარე, დოქტორი რაჯა ბაბუ პანვარი -  ინდოეთის სამედიცინო საბჭოს მმართველი ორგანოს წევრი, პანკაჯ საქსენა -   ინდოეთის საელჩოს პირველი მდივანი.

ქართული მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, ვიცე–რექტორი, პროფესორი კახაბერ ჭელიძე, რექტორის მოადგილე, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი, სასწავლო პროგრამების მართვის, შეფასებისა და სტუდენტთა რეგისტრაციის დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი რუსუდან რუხაძე, უცხოელ სტუდენტთა განათლების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი გიორგი გიორგობიანი, უფროსის მოადგილე, პროფესორი დავით თოფურია და მთავარი სპეციალისტი, პროფესორი ლევან ბენაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ია ავალიანი, უფროსის მოადგილე ირინა კაპეტივაძე.

     

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ინდოეთს შორის საგანმანათლებლო სფეროში ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პრიორიტეტებზე, უნივერსიტეტში არსებულ უცხოენოვან სექტორზე და სასწავლო პროგრამებზე.

ვიზიტის ფარგლებში ინდოეთის დელეგაცია ეწვია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სადაც განიხილეს უცხოელი სტუდენტების თსსუ–ში სტუდენტის სტატუსთან დაკავშირებული პროცედურული საკითხები.

ინდოეთის სამედიცინო საბჭოს წარმომადგენლებმა დაათვალიერეს თსსუ–ის საუნივერსიტეტო კლინიკური ბაზები: მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა, თსსუ–ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა, სადაც გაეცნენ სტუდენტებისა და რეზიდენტების კლინიკური აქტივობის ყველა ეტაპს.

   

ვიზიტის მიმდინარეობისას, ინდოელმა კოლეგებმა დაათვალიერეს თსსუ–ის კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრი, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა იმ უახლესი სასწავლო პროგრამებითა  და ტექნოლოგიებით, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში ინტენსიურად დაინერგა ცენტრში. ასევე, მოინახულეს ბიბლიოთეკა, სადაც მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია ბიბლიოთეკაში უახლესი სამედიცინო ლიტერატურის, სახელმძღვანელოებისა და ელექტრონული რესურსების შესახებ.

     
     
   

ვიზიტის დასასრულს, ინდოეთის სამედიცინო საბჭოს დელეგაციის წევრები  შეხვდნენ და გაესაუბრნენ  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უცხოენოვანი სექტორის ინდოელ სტუდენტებს.

ინდოეთის სამედიცინო საბჭოს დელეგაციამ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი დადებითი ემოციებით დატოვა.