ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისთვის უკვე მეოთხედ დააჯილდოვა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისთვის უკვე მეოთხედ დააჯილდოვა

 
   

28 სექტემბერი ინფორმაციაზე უნივერსალური ხელმისაწვდომობის საერთაშორისო დღეა!   წელს ინფორმაციაზე წვდომის უფლების 250 წლისთავი  აღინიშნება. ინფორმაციაზე წვდომის კანონმდებლობა მსოფლიოში პირველად 250 წლის წინ შვედეთმა და ფინეთმა მიიღეს. ასევე, 2016 წლის 28 სექტემბერს იუნესკო პირველად აღნიშნავს ინფორმაციაზე უნივერსალური ხელმისაწვდომობის საერთაშორისო დღეს (იუნესკოს რეზოლუცია 38 C/70, 17 ნოემბერი 2015).

ამ დღესთან დაკავშირებით, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI), ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით, უკვე მეოთხედ დააჯილდოვა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 2016 წელს საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მონიტორინგის შეფასების შედეგად.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) 50-ზე მეტი საჯარო დაწესებულება შეაფასა 100%-იანი საჯაროობის მაჩვენებლით, მათ შორის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიც, რაც იმას ნიშნავს, რომ  საჯარო ინფორმაციის გაცემის პრაქტიკა აქ მოცემულ ვადებში და სრულყოფილადაა დანერგილი.

დაჯილდოების ცერემონიაზე აუდიტორიას მიმართეს და დაწვრილებითი ინფორმაცია წარუდგინეს: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა, თავმჯდომარემ ლევან ავალიშვილმა და მთავარმა იურისტმა ნინო მერებაშვილმა.

დასასრულს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კანცლერს, პროფესორ ზურაბ ორჯონიკიძეს დაჯილდოების დამადასტურებელი სერტიფიკატი გადასცა.