2024 წლის 2-30 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ინსბრუკის (ავსტრია) სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები მაგდალენა ვერლე და რაჰელ როთი იმყოფებოდნენ. მათ სტაჟირება თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ბაზაზე არსებულ მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტში გაიარეს.
სტუდენტების თქმით, საქართველოში ყოფნისას გაეცნენ კლინიკური საქმიანობის თავისებურებებს, მკურნალობის მეთოდებს და ქართველი ექიმებისგან კარგი გამოცდილება მიიღეს.
„საერთო ჯამში, ეს იყო ძალიან საინტერესო გამოცდილება, სხვა ქვეყანაში ყოველდღიური კლინიკური რუტინის დაკვირვება. ჩვენი დღე იწყებოდა 10 საათზე, დილის კონფერენციით, სადაც ექიმები იკრიბებოდნენ პაციენტების შემთხვევებისა და მკურნალობის გეგმების განსახილველად.
კონფერენციის შემდეგ, ჩვენ ექიმებს სხვადასხვა სამედიცინო მანიპულაციების შესრულებისას ვუწევდით ასისტირებას. ეს მოიცავდა ნაყოფის გულისცემის მონიტორინგს CTG-ის საშუალებით, გინეკოლოგიური ოპერაციების დაკვირვებასა და საკეისრო კვეთაზე დასწრებას. ვესწრებოდით მშობიარობის პროცესს, სადაც ვსწავლობდით გინეკოლოგიური ინსტრუმენტების გამოყენებას და ვეცნობოდით მშობიარობის პროცესთან დაკავშირებულ გამოკვლევებს. შევისწავლეთ საკეისრო კვეთის ეტაპობრივი პროცედურა. ასევე, ვსტუმრობდით ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებას (NICU), სადაც პედიატრებთან მუშაობას ვსწავლობდით და ახალშობილების მოვლის პროცესს ვეცნობოდით.
სტაჟირების მეორე ნახევარში უფრო ღრმად გავეცანით სხვადასხვა გინეკოლოგიურ ოპერაციებს. მაგალითად, ჰისტეროსკოპიას, ჰისტერექტომიას, მიომექტომიასა და კიურეტაჟს.
საერთო ჯამში, სამუშაო პროცესი ავსტრიის მსგავსად მიმდინარეობს. გვინდა აღვნიშნოთ, რომ აქაურ სამედიცინო სისტემას საკმაოდ მაღალი სტანდარტით ვაფასებთ“, - ამბობენ სტუდენტები.
მათი თქმით, საქართველოში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სტაჟირების დროს მიღებული პრაქტიკული გამოცდილება მყარ საფუძველს იძლევა იმისთვის, რომ პროფესიული საქმიანობის შემდგომ ეტაპზე გადავიდნენ.
„ოქტომბერში ავსტრიაში ჩვენს უნივერისტეტს ვუბრუნდებით, რათა დავიწყოთ სწავლების უკანასკნელი წელი, რომელშიც შედის ისეთი კლინიკური საგნები, როგორიცაა გინეკოლოგია და მეანობა. საქართველოში სტაჟირების დროს მიღებული პრაქტიკული გამოცდილება მყარ საფუძველსა და ცოდნას გვაძლევს. ეს შესაძლებლობას მოგვცემს, დავაკავშიროთ ჩვენი კლინიკური უნარები იმ თეორიულ ცოდნასთან, რასაც შევისწავლით.
სხვა სტუდენტებსაც ვურჩევთ, რომ სტაჟირება საქართველოში გაიარონ. ძალიან კმაყოფილები ვართ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მიღებული გამოცდილებით. მადლიერები ვართ, რომ მონაწილეობა მივიღეთ გაცვლით პროგრამაში. გვქონდა შესაძლებლობა გაგვეცნო განსხვავებული ჯანდაცვის სისტემა და ყოველდღიური კლინიკური პრაქტიკა.
ზოგადად კი, საქართველომ, როგორც ქვეყანამ, ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. გაგვაოცა მისმა ბუნებამ, სამზარეულომ და განსაკუთრებით, ხალხმა. ამიტომ გირჩევთ, აუცილებლად გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა – გაიარეთ სტაჟირება და მოინახულეთ საქართველო“, - ამბობენ ინსბრუკის უნივერსიტეტის სტუდენტები.
შეგახსენებთ, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ავსტრიელი სტუდენტები თსსუ-სა და ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდნენ.