თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2023 წლის 9 იანვრიდან 3 თებერვლის ჩათვლით გაცვლითი პროგრამით, სტაჟირების გასავლელად, ინსბრუკის (ავსტრია) სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი პაულა ვუნში იმყოფებოდა.
სტუდენტმა კლინიკური სტაჟირება თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ბაზაზე არსებულ მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტში გაიარა.
„მოხარული ვარ, რომ სტაჟირების გავლა თბილისში მიწევს. თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მენობა-გინეკოლოგიაში პრაქტიკულ კურსს გავდივარ. ძალიან მომეწონა ყველაფერი, კლინიკაში საინტერესო გამოცდილებას ვიღებ, პაციენტებთან ურთიერთობა მომწონს, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.
ჯერჯერობით არ მქონდა გადაწყვეტილი პროფესიული კუთხით რა მიმართულებით წავიდოდი, თუმცა ოპერაციებზე დასწრება და აქ მიღებული პრაქტიკული გამოცდილება აუცილებლად მოახდენს გავლენას საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაზე.
რეზიდენტებთან კომუნიკაციაც ძალიან პროდუქტიულია, ვინაიდან ბევრ სასარგებლო ინფორმაციას ვცვლით ერთმანეთში“, - ამბობს პაულა ვუნში.
როგორც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის პერინატოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი პლატონ მაჭავარიანი ამბობს, ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტს აქვს შესაძლებლობა გაიუმჯობესოს პრაქტიკული მუშაობის უნარ-ჩვევები და მიიღოს კარგი გამოცდილება.