2019 წლის 25 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, ნორმალური ანატომიის დეპარტამენტის ორგანიზებით და სტუდენტთა აქტიური ჩართულობით, წელს პირველად გაიმართა ინტელექტუალური თამაში -„ანატომიური რა? სად? როდის?“, რომლის წამყვანი გახლდათ ანატომიის დეპარტამენტის მოწვეული პედაგოგი ანზორ გოგიბერიძე.
ღონისძიებას უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
ინტელექტუალური თამაშის მთავარ მიზანს სტუდენტებში ანატომიის სწავლისადმი მოტივაციის გაზრდა და სხვადასხვა უნარების განვითარება წარმოადგენდა.
თამაშში მონაწილეობას იღებდა: მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისგან დაკომპლექტებული 4 გუნდი: ,, ვიტროვიუსი“, ,,მაგენშტრასე“, ,,ლეოს ანგელოზები“ და ,, ენპასატ“, რომლებიც ერთმანეთს ადამიანის ნორმალური ანატომიის სამსემესტრიანი მასალის ცოდნაში ეჯიბრებოდნენ. თითოეულ ეტაპზე გუნდებს მოუხდათ 6 რაუნდის თამაში, სადაც ორგანიზატორების მიერ მოწოდებული იყო სხვადასხვა სირთულის მქონე ტესტები - ზოგადი კითხვების, კროსვორდების, ორგანოს დახასიათების, ასოციაციებისა თუ სხვათა სახით. მათ შორის უნდა აღინიშნოს ბლიც რაუნდებიც, სადაც მხოლოდ გუნდის კაპიტნები ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს.
თამაში საინტერესო და საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა, საბოლოოდ, გამარჯვება მოიპოვა გუნდმა ,, ვიტროვიუსი“, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ სტუდენტები: ბერიძე არჩილი (კაპიტანი), ათაბაგი მეგი, თავართქილაძე ზურაბი, ფიფია ლევანი.
ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი და სიმბოლური საჩუქრები, ხოლო გამარჯვებული გუნდი ფულადი პრემიითაც დასაჩუქრდა.
ღონისძიება შეაჯამა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, აკადემიკოსმა რამაზ ხეცურიანმა, პროფესორებმა - ლია კიკალიშვილამა, მანანა არაბულმა, ცისანა ხომერიკმა და სხვა. მათ ყურადღება გაამახვილეს სტუდენტთა მაღალი აკადემიური ცოდნაზე. მათ აღნიშნეს, რომ ასეთი ღონისძიებების ტრადიციად ქცევა ძალიან აამაღლებს სტუდენტთა მოტივაციას და სწავლების ხარისხს.