თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე – „ისტორიის მიერ დაჩაგრულები“. ლექცია წაიკითხა უნივერსიტეტის ფსიქიატრიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა თეიმურაზ სილაგაძემ, რომელმაც განსხვავებული კუთხით დაანახა მსმენელს სხვადასხვა საუკუნეში საქართველოსა და იტალიაში მოღვაწე ისტორიული პერსონაჟები.
„მინდა შევეხო რამდენიმე გმირს, რომლებიც ისტორიაში უარყოფით კონტექსტში დამკვიდრდნენ. საინტერესოა, ნამდვილად ცუდი ადამიანები იყვნენ ისინი თუ უბრალოდ ეპოქისა და გარემოებების მსხვერპლები?“ - ამ სიტყვებით გახსნა ლექცია პროფესრომა თეიმურაზ სილაგაძემ.
ლექცია დაეთმო ისეთ ისტორიულ ფიგურებს, როგორებიც არიან: ლიპარიტ IV ბაღვაში, ბაგრატ IV, გიორგი სააკაძე, შადიმან ბარათაშვილი, ჯაკომო სფორცა, ლუკრეცია ბორჯია და ბოლოს — მედეა. პროფესორმა თითოეული მათგანი გაანალიზა ისტორიული წყაროებისა და ფსიქოლოგიური კონტექსტის გათვალისწინებით.
ლექციას ესწრებოდნენ თსსუ-ის რექტორი, პროფესორი ირაკლი ნატროშვილი, თსსუ-ის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი და სტუდენტები.