იტალიის  ქირურგთა  საზოგადოების პრეზიდენტის, პროფესორ ჯანლუიჯი მელოტის ვიზიტი  თსსუ–ში

იტალიის ქირურგთა საზოგადოების პრეზიდენტის, პროფესორ ჯანლუიჯი მელოტის ვიზიტი თსსუ–ში

2013 წლის 13 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ოფიციალური ვიზიტით ეწვია იტალიის  ქირურგთა  საზოგადოების პრეზიდენტი, პროფესორი ჯანლუიჯი მელოტი.

შეხვედრას ესწრებოდა: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, რექტორის მოადგილე, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, კანცლერი ზურაბ ორჯონიკიძე, თსსუ–ის ქირურგიის N.1 დეპარტამენტის კერძო ქირურგიის N.1 მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი გია თომაძე, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ია ავალიანი და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირინა კაპეტივაძე.

პროფესორი  ჯანლუიჯი მელოტი საქართველოს პირველად 1996 წელს ეწვია და მას შემდეგ თითქმის ყოველწლიურად სტუმრობს ქვეყანას.  იგი აქტიურად თანამშრომლობს ქართველ ექიმებთან, მონაწილეობს სხვადასხვა საქველმოქმედო–ჰუმანიტარულ ღონისძიებებში. მან ასევე დიდი წვლილი შეიტანა ლაპაროსკოპიულ ქირურგიაში პირველი  ქართული ორიგინალური ნაშრომის, წიგნის – ,,ლაპაროსკოპული ქირურგია“ შექმნაში. პროფესორი მელოტი არის საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი.

     

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე მხარეებს შორის დაიგეგმა ურთიერთთანამშრომლობის საკითხები, რომელიც გულისხმობს  2014 წელს ხმელთაშუა ზღვის და ახლო აღმოსავლეთის ენდოსკოპისტ ქირურგთა ასოციაციის (MMESA) ყოველწლიური კონგრესის საქართველოში ჩატარებას. ღონისძიებას უმასპინძლებს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. კონგრესის გასამართად გამოყენებული იქნება თსსუ–ის საკონფერენციო დარბაზები, აუდიტორიები და სხვა ტექნიკური პოტენციალი. 

ზემოთ აღნიშნული ღონისძიების ჩატარება ხელს შეუწყობს კონგრესის მონაწილეთა პროფესიული შესაძლებლობების გაუმჯობესებას, სადაც მოხდება ცოდნის და გამოცდილების ურთიერთგაცვლა. ღონისძიების ფარგლებში, წამყვანი კლინიკებიდან ჩამოსული პროფესორები თსსუ–ის სტუდენტებსა და რეზიდენტებს წაუკითხავენ ლექციებს ქირურგიაში არსებულ ახალ ტექნოლოგიებსა და თანამედროვე  ხედვაზე.