ჯანდაცვის პროფესიონალთა ლიგის VI გაერთიანებული კონგრესი

ჯანდაცვის პროფესიონალთა ლიგის VI გაერთიანებული კონგრესი

 
   

2018 წლის 31 მარტს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ჯანდაცვის პროფესიონალთა ლიგის VI გაერთიანებული კონგრესი გაიმართა. კონგრესის ორგანიზატორი საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაცია და ჯანდაცვის პროფესიონალთა ლიგა იყვნენ.

ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც დამსწრე აუდიტორიის წინაშე წარდგნენ ესთეტიკური მედიცინისა და ესთეტიკური სტომატოლოგიის თვალსაჩინო წარმომადგენლები. კონგრესის პირველი მომხსენებლი თსსუ-ის
ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი მარინა მამალაძე იყო. მოხსენება „კბილთა ენდოდონტიური მკურნალობა-ესთეტიკური
რესტავრაციის გარანტი თუ თავისთავად ესთეტიკა!“ - შეეხო კბილთა ესთეტიკური რესტავრაციების მნიშვნელობას ენდოდონტიური მკურნალობის შემდეგ და პირიქით ხარისხიანი და ესთეტიკური მკურნალობის გავლენას კბილთა რესტავრირების ვიზუალზე. მოხსენება დასრულდა საინტერესო კლინიკური შემთხვევის დემონსტრირებით, რომელიც კბილის ტრავმაზე 8 წლიან დაკვირვებას ეფუძნებოდა. აუდიტორიისათვის საინტერესო გამოდგა თსსუ-ის კლინიკური ორთოპედიული სტომატოლოგიის ასოცირებული პროფესორის, დეა ვადაჭკორიას პრეზენტაცია თემაზე: „მოუხსნელი ორთოპედიული კონსტრუქციებისთვის
მართებული კერამიკის შერჩევა“. პრეზენტაციის შემდეგ აუდიტორიას ჰქონდა მრავალი კითხვა, რამაც კონგრესის მსვლელობა უფრო საინტერესო გახადა. ასევე, საინტერესო იყო თსსუ-ის ორთოდონტიის დეპარტამენტის ასისტენტ- პროფესორის თეა ზერეკიძის მოხსენება თემაზე: „ორთოგნათიული ქირურგიის საჭიროება დენტოფაციალურ-ორთოდონტული პათოლოგიების მართვაში“.

კონგრესს ესწრებოდა აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიური

კლინიკის ექიმების სრული შემადგენლობა. ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატები. ღონისძიების პროგრამა წინასწარ დამტკიცებული იყო თსსუ-ის უწყვეტი პროფესიული განვითარების საბჭოზე და მინიჭებული ჰქონდა 5 I-ტიპის უპგ ქულა. განსაკუთრებით სასიამოვნო იყო კონფერენციის კულტურული ნაწილი, რომელიც მხატვარ ეკატერინე თუხაშვილის ნახატებით იყო წარმოდგენილი.

ღონისძიების ბოლოს პროფესორმა მარინა მამალაძემ შეაჯამა კონგრესის მიმდინარეობა, ხოლო ჯანდაცვის პროფესიონალთა ლიგის პრეზიდენტმა, ნუცა ზურაბიანმა თავის ფინალურ სიტყვაში მადლობა გადაუხადა თსსუ-ის  აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიური კლინიკის დირექტორს,  ლიკა სანოძეს კონგრესის საორგანიზაციო მხარის მოგვარების პროცესში მხარდაჭერისთვის.