7 აპრილს მსოფლიო ჯანმრთელობის დღეს აღნიშნავს. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ტრადიციულად უერთდება ამ დღეს. ჯანმრთელობის მსოფლიო დღის ფარგლებში, უნივერსიტეტში რამდენიმე აქტივობა გაიმართა. თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობისა და Health Space-ის თანაორგანიზებით, ჩატარდა სისხლის დონაციისა და სკრინინგის (აივ ინფექცია, B და C ჰეპატიტები, სიფილისი) აქცია. დონაციის აქციაში მონაწილეობა მიიღეს თსსუ-ის რექტორმა, ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, აკადემიური პერსონალმა და სტუდენტებმა.
ჯანმრთელობის საკითხების ცნობადობის ამაღლების მიზნით, თსსუ-ის მედიცინის ისტორიისა და ბიოეთიკის დეპარტამენტების ორგანიზებით ჩატარდა სასწავლო სემინარი. შეხვედრაზე სტუდენტებმა წარმოადგინეს მოხსენებები მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის შექმნის ისტორიაზე, დედათა და ჩვილთა ჯანმრთელობის საკითხებსა და სუროგაციის ეთიკურ ასპექტებზე.
საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით სტუდენტების ჩართულობით გაიმართა რამდენიმე სპორტული ღონისძიება, რომელშიც სტუდენტები აქტიურად ჩაერთნენ. კამპანიის ფარგლებშივე, თსსუ-ის პირველი სასწავლო კორპუსის ფოიემ სტუდენტური ნახატების გამოფენასაც უმასპინძლა.
77 წლის წინ მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაცია (WHO) დაარსდა. WHO ყოველი წლის 7 აპრილს, სხვადასხვა თემატიკით გვახსენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობა, პრევენცია, ზრუნვა, თავის მოვლა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა. 2025 წლის თემაა: „ჯანსაღი დასაწყისი – იმედიანი მომავალი“.