კიბოს იმუნოთერაპიისა და იმუნომონიტორინგის  მე-6 საერთაშორისო კონფერენცია

კიბოს იმუნოთერაპიისა და იმუნომონიტორინგის მე-6 საერთაშორისო კონფერენცია

29 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით თბილისში, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში ჩატარდა  კიბოს იმუნოთერაპიისა და იმუნომონიტორინგის  მე-6 საერთაშორისო კონფერენცია,  რომლის ლოკალური ორგანიზატორი იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. 

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდა 200-მდე მეცნიერი და ექიმი, მათგან 130 იყო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი. გაიმართა 14 პლენარული სესია, სადაც მოსმენილ იქნა 62 მოხსენება. მომხსენებლებს შორის იყვნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლები: პროფესორი თინათინ ჩიქოვანი და ასოცირებული პროფესორი ნონა ჯანიკაშვილი.

პლენარული სესიების გარდა იყო პოსტერული სესია, სადაც გამოვლინდა 6 გამარჯვებული, რომელთაც საშუალება მიეცათ კონფერენციის ბოლო დღეს ფართო აუდიტორიის წინაშე წარმოედგინათ საკუთარი კვლევები.

კონფერენციაზე წარმოდგენილი და განხილული იქნა კიბოს დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და მონიტორინგის ახალი ხედვები და კვლევების უახლესი შედეგები. ქართველ ექიმებსა და მეცნიერებს საშუალება ჰქონდათ დაემყარებინათ ახალი კონტაქტები მსოფლიოს წამყვან სპეციალისტებთან. კონფერენციას დიდი ინტერესი ჰქონდა ახალგაზრდების მხრიდან.

აღსანიშნავია, რომ კონფერენციის თბილისში ჩატარება განაპირობა უცხოეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი ექიმების ინიციატივამ. ესენი იყვნენ კონფერენციის საერთაშორისო საორგანიზაციო კომიტეტის წევრები: აშშ-ში მოღვაწე უროლოგი, პროფესორი გიორგი გურული და ესპანეთიდან გრანადას უნივერსიტეტის პროფესორი ნატალია აფციაური. კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდა ჩვენი კურსდამთავრებული, კომპანია სელმაქს ლაიფის (კალიფორნია, აშშ) კლინიკური დირექტორი, მედიცინის დოქტორი მანანა კვეზერელი.

კონფერენციის დასრულების შემდეგ უცხოელი მონაწილეებისთვის შედგა 3-დღიანი ტური ქართლ-კახეთის რეგიონში.