კლუბ   „ვიტალისის” პრეზენტაცია

კლუბ „ვიტალისის” პრეზენტაცია

 

18 მარტს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის სხდომათა დარბაზში ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ორგანიზებითა და სტუდენტური თვითმმართველობის მხარდაჭერით გაიმართა სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი კლუბის – "ვიტალისის" პრეზენტაცია. კლუბის სახელწოდება ლათინური სიტყვაა და ქართულად სასიცოცხლოს, სიცოცხლის მიმნიჭებელს ნიშნავს. ნებისმიერი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის მართლაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სამეცნიერო მოღვაწეობა, კვლევებში მონაწილეობის მიღება და კონკრეტულ სამეცნიერო პრობლემატიკაზე ორიენტირებული სწავლება.

როგორც ივანე თარხნიშვილის  სახელობის სამეცნიერო საზოგადოების პრეზიდენტმა, მიხეილ ჯანჯღავამ აუდიტორიას განუცხადა,  სტუდენტური სამეცნიერო კლუბის ჩამოყალიბება მართლაც მნიშვნელოვანი საქმეა.  „ვიტალისში“ გაწევრიანებული არიან თსსუ–ის და სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები, ისინი ერთობლივად, გუნდური მუშაობის პრინციპით იკვლევენ საინტერესო თემებს,  კვლევის შედეგებს კი სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაზე წარმოადგენენ.

სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა კახა აბულაძემ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება იმ ფაქტზე, რომ სამეცნიერო მუშაობა მთავარი პრიორიტეტია თსსუ–სთვის. დღეისათვის  აქ შვიდი სამეცნიერო მიმართულების ორგანიზაცია მოქმედებს, „ვიტალისი“ იქნება მერვე სამეცნიერო–კვლევითი კლუბი, რომელიც სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ეგიდით ჩამოყალიბდა და მისი ინტერესის სფერო ფსიქიკა და ცენტრალური ნერვული სისტემა იქნება.

„ვიტალისის“ ხელმძღვანელმა საიდ აჯიანციმ დეტალურად აუხსნა დამსწრე საზოგადოებას, რა სტრუქტურით იმუშავებს კლუბი,  რა იქნება მისი კვლევის თემატიკა, როგორ აპირებენ სამომავლოდ სამეცნიერო მუშაობის გაღრმავებასა და სრულყოფას.  მიმდინარე სამუშაო პროცესზე ინფორმაცია აუდიტორიას კლუბის წევრებმა: მარიამ ჯანჯალაშვილმა, მარიამ ლაბაძემ, თეონა ტარიელაძემ და ეკატერინე ცეცაძემ მიაწოდეს.

კლუბის პრეზენტაციას ესწრებოდნენ თსსუ–ის პროფესორ–მასწავლებლები: პროფესორი ელენე აბზიანიძე, პროფესორი ნელი გიგოლაევა, პროფესორი რამაზ შენგელია, პროფესორი მანანა ჭიპაშვილი, პროფესორი ნიკო გონგაძე, პროფესორი ბესარიონ კილასონია, ასოცირებული პროფესორი დავით ზარნაძე, ასოცირებული პროფესორი ირინა ზარნაძე, ასისტენტ–პროფესორი დავით ცხომელიძე, პროფესორი თამარ სანიკიძე, ასოცირებული პროფესორი მაია დგებუაძე და პროფესორი თეიმურაზ სილაგაძე. მათ სტუდენტებთან ერთად იმსჯელეს სამეცნიერო მუშაობის ტრადიციებსა და ისტორიაზე თსსუ–ში, დახმარება და თანადგომა აღუთქვეს ყველა დაინტერესებულ სტუდენტს. შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც...

     

პროფესორმა თეიმურაზ სილაგაძემ  სტუდენტებს აუწყა, რომ ნებისმიერი  სახის სწავლა არის ცალსახად დადებითი ფაქტი. სამეცნიერო–კვლევითი კლუბის წევრები თანდათან ისწავლიან როგორ დასვან სამეცნიერო პრობლემატიკა, როგორ წარმართონ  მუშაობა პრობლემის გადასაჭრელად.  თავად ფაქტი, რომ სამეცნიერო–კვლევითი კლუბი „ვიტალისი“ შეიქმნა, უკვე ძალიან კარგია.

აუდიტორიას საშუალება ჰქონდა, მოესმინა რა თემატიკაზე მუშაობენ დღეს კლუბის წევრები. როგორც თსსუ–ის ასოცირებულმა პროფესორმა, ირინა ზარნაძემ აღნიშნა, პრობლემაზე ორიენტირებული სწავლება ყველაზე თანამედროვე მეთოდია. სწორედ ამ მეთოდს აამოქმედებს აქტიურად ნებისმიერი სამეცნიერო–კვლევითი კლუბი, მათ შორის, „ვიტალისიც“.