2024 წლის 29-30 ნოემბერს აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა კონფერენცია - ,,სტომატოლოგია მაღალი სტანდარტებით-ციკლი II”. ღონისძიება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის და სტომატოლოგიური კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრი ,,უნიდენტი“-ს ორგანიზებით გაიმართა.
კონფერენცია ორდღიანი გახლდათ, პირველი დღე მოიცავდა ოთხ ლექციას, ხოლო მეორე დღე - 4 პრაქტიკულ კურსს.
დამსწრე საზოგადოების წინაშე საინტერესო და აქტუალური ლექციებით წარსდგნენ: პროფესორი მარინე მამალაძე - ,,შეცდომები და გართულებები ოდონტოლოგიაში“; ასოცირებული პროფესორი ნათია ნიჟარაძე - ,,მინიმალური ინვაზიის ტექნიკა და ფისურების ჰერმეტიზაცია ოდონტოლოგიაში“; ასოცირებული პროფესორი ნინო ჭიპაშვილი - ,,თანამედროვე მიდგომები და საშუალებები პრაქტიკულ ენდოდონტიაში“; ასისტენტ-პროფესორი ეკატერინე ბეშკენაძე და სტომატოლოგიის აკადემიური დოქტორი მანანა უსტიაშვილი - ,,კბილის არხთა სისტემის და აპიკალური ხვრელების არქიტექტონიკის თავისებურებები საქართველოს მოსახლეობაში“.
მეორე დღეს პრაქტიკული კურსის (Hands-on) ოთხმა სექციამ როტაციული სისტემით იმუშავა. ტრენერები იყვნენ: ასოცირებული პროფესორი ლია სანოძე (სექცია I -საიზოლაციო სისტემების გამოყენების სხვადასხვა მეთოდები), ასისტენტ-პროფესორი ეკატერინე ბეშკენაძე (სექცია III - ფრონტალურ კბილთა რესტავრაციის კონცეფციები სილიკონის გასაღების გამოყენებით), სტომატოლოგიის აკადემიური დოქტორი მანანა უსტიაშვილი (სექცია IV - ატრავმული ენდოდონტიური პრეპარირების, ირიგაციისა და ობსტრუქციის თანამედროვე მიდგომა) და სტომატოლოგიის აკადემიური დოქტორი თეა ჯანჯალაშვილი (სექცია V - პაროდონტის და პერი-იმპლანტის დაავადებების და მდგომარეობების ახალი კლასიფიკაცია) (ამსტერდამი 2018 გადახედვით)).
კონფერენციას საქართველოს რეგიონებში მომუშავე სერტიფიცირებული სტომატოლოგები, სტუდენტები და რეზიდენტები ესწრებოდნენ. ლექციების შემდეგ სპიკერებმა უამრავ საინტერესო შეკითხვას ამომწურავი პასუხი გასცეს.