კონფერენცია თემაზე: „პაროდონტისა და პირის ღრუს ლორწოვანის დაავადებების მკურნალობის უახლესი მეთოდები“

კონფერენცია თემაზე: „პაროდონტისა და პირის ღრუს ლორწოვანის დაავადებების მკურნალობის უახლესი მეთოდები“

მიმდინარე წლის 15 მარტს,   თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრალურ დარბაზში ჩატარდა კონფერენცია თემაზე პაროდონტისა და პირის ღრუს ლორწოვანის დაავადებების მკურნალობის უახლესი მეთოდები. კონფერენცია გახსნა და აუდიტორიას მიესალმა თსსუ-ის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის პრეზიდენტი, სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრ „UniDent“-ის კლინიკური დირექტორი, პროფესორი მარინა მამალაძე.  მან მადლობა გადაუხადა კონფერენციის ორგანიზატორებს: საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიულ ასოციაციას, თსსუ-ის პაროდონტისა და პირის ღრუს ლორწოვანის დაავადებათა და ოდონტოლოგიის დეპარტამენტებს, კომპანია „ალპენ ფარმას“ წარმომადგენლობას საქართველოში, სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრ „UniDent“-სა და ქართულ-გერმანულ იმპლანტაციის ცენტრ „HBI-Dentlmplant“-ს; ისაუბრა კონფერენციის მნიშვნელობასა და მიზნებზე: „სტომატოლოგიაში ისეთი გავრცელებული დაავადებების მკურნალობა, როგორიცაა პაროდონტის დაავადებები პრობლემურია თანამედროვე შესაძლებლობების ფონზეც კი. პაციენტები ზოგჯერ ძნელად ეგუებიან იმ ჭეშმარიტებას, რომ თანამედროვე პაროდონტული მკურნალობა საბოლოოდ და რადიკალურად არ კურნავს დაავადებას, აუცილებელია მკურნალობის კურსის რეგულარული (3-6 თვეში ერთხელ) განმეორება, ექიმის დარიგების განუხრელი დაცვა და მასთან ხანგრძლივი თანამშრომლობა. თუ მკურნალობის პროგნოზი უტყუარია გინგივიტების დროს ან მძიმე ფორმის პაროდონტიტის ტერმინალური სტადიის შემთხვევაში, როდესაც მკურნალობის შედეგი წინასწარაა განსაზღვრული - პროგნოზი მათი მომიჯნავე, შუალედური მდგომარეობისას ხშირად პრობლემატურია. ამ პრობლემის გადასაჭრელად  საუკეთესო გადაწყვეტილება პაროდონტიტის კომპლექსური მკურნალობის საყოველთაოდ მიღებულ პრინციპებზე დაყრდნობით ინდივიდუალური გეგმის შედგენაა.  

დღევანდელი შეხვედრის მიზანია, ექიმ-სტომატოლოგებს ვესაუბროთ: პაროდონტის დაავადებათა უახლესი კლასიფიკაციის, მკურნალობის ახალი პარადიგმის, ფილოსოფიის და ასევე, პირის ღრუს ლორწოვანის დაავადებათაგან ყველაზე ხშირი - ინფექციური სტომატიტების დიაგნოსტიკის, დიფერენციალური დიაგნოსტიკის და მკურნალობის თანამედროვე პრინციპების შესახებ.  ცხადია ამ დაავადებების მკურნალობა სერიოზული საკითხია, მისი წარმატებულობა დამოკიდებულია იმაზე, რომ ექიმს უნდა ქონდეს ცოდნა,  ფლობდეს თანამედროვე ტექნიკას და ტექნოლოგიებს; რაც მთავარია, ორიენტირებული იყოს პაციენტის გაჯანსაღებაზე და მიაღწიოს ამ მიზანს.

სტომატოლოგიური მომსახურება ძალიან ხშირად კერძო სტრუქტურებში ხორციელდება და სტომატოლოგიური დაავადებების მკურნალობა სადაზღვევო კომპანიებისგან დღესდღეობით, პრაქტიკულად, არ ფინანსდება, მნიშვნელოვანია, ინფორმაცია მიეწოდოს  სადაზღვევო კომპანიებს - ეს მართლაც სერიოზული დაავადებებია, რომელთაც თან ახლავს პროგრესირება, კბილთა დაკარგვა და რომლის შემდგომ, პაციენტების პირის ღრუს  რეაბილიტაცია გაცილებით დიდ თანხებთან იქნება დაკავშირებული.

ახალგაზრდა ექიმებს გვინდა კიდევ ერთხელ შევახსენოთ პაროდონტის დაავადებების უახლესი კლასიფიკაცია (Armitage G. C, 1999), რომელიც მიღებულია American Academy of Periodontology (AAP)  და European Federation of Periodontology (EFP )-ის გაერთიანებულ სიმპოზიუმზე.

ასევე, დღევანდელი შეხვედრის მიზანი მკურნალობის იმ პროტოკოლის გაცნობაა ახალგაზრდა ექიმებისათვის, რაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პაროდონტისა და პირის ღრუს ლორწოვანის დაავადებათა დეპარტამენტის, ოდონტოლოგიის დეპარტამენტის  ჩართულობით, წარადგინა საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიულმა ასოციაციამ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში. გვეამაყება, რომ სამინისტრომ მოიწონა ეს პროტოკოლი და დაამტკიცა. დაბოლოს, გვინდა, ყურადღება მივაქციოთ ლორწოვანი გარსის დაავადებებს. ის იშვიათად არის იზოლირებული, ხშირად გამოხატავს სხვა მიმდინარე პრობლემებს, ქალბატონი მანანა ივერიელი ამჯერად ისაუბრებს ინფექციურ სტომატიტებზე“.

კონფერენციაზე თსსუ-ის პაროდონტისა და პირის ღრუს ლორწოვანის დაავადებათა დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა, საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ქართულ-გერმანული იმპლანტაციის ცენტრის „HBI-Dentlmplant“-ის კლინიკურმა დირექტორმა, ნინო აბაშიძემ  წარმოადგინა მოხსენება თემაზე: „პაროდონტის დაავადებათა უახლესი კლასიფიკაცია - მკურნალობის ფილოსოფია“, ხოლო თსსუ-ის პაროდონტისა და პირის ღრუს ლორწოვანის დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, პროფესორმა მანანა ივერიელმა წაიკითხა მოხსენება „ინფექციური სტომატიტები - დიაგნოსტიკა, დიფდიაგნოსტიკა, მკურნალობის თანამედროვე პრონციპები და ტრასისანი“

თსსუ-ის თეატრალურ დარბაზში უამრავმა მსმენელმა მოიყარა თავი (დაახლოებით 530 მსმენელი): კონფერენციას ესწრებოდნენ სტუდენტები, რეზიდენტები, ექიმი-სტომატოლოგები სხვადასხვა კლინიკებიდან.  მათ აღნიშნეს რომ უაღრესად საჭირო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს მომხსენებლებისგან და დიდი მადლიერება გამოხატეს ასეთ აქტუალურ თემებზე კონფერენციის ჩატარების გამო.