2018 წლის 24 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ინიციატივითა და ორგანიზებით, სასტუმრო „ტიფლის პალასში“ გაიმართა კონფერენცია - “ახალი მიმართულებები და სამკურნალო მიდგომები კლინიკურ მედიცინაში.“
ღონისძიება ოფიციალურად გახსნა და სტუმრებს მიესალმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, რომელმაც აღნიშნული კონფერენციის ჩატარების მნიშვნელობაზე და აუცილებლობაზე ისაუბრა.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის შემდეგმა მიმართულებებმა: ონკოლოგია; უროლოგია; ზოგადი ქირურგია; პროქტოლოგია; რადიოლოგია და ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა; ნევროლოგია; შინაგანი მედიცინა; ლაბორატორია; ალერგოლოგია; ნეიროქირურგია; რეანიმაცია; ანესთეზიოლოგია; სისხლძარღვთა ქირურგია და ტრავმატოლოგია.
შეხვედრის ფარგლებში განიხილეს საინტერესო კლინიკური შემთხვევები, შესრულებული ქირურგიული ოპერაციები, ახალი თერაპიული და კლინიკური სტრატეგიები და მათი მნიშვნელობა მომავლის მედიცინაში.
მომხსენებლებსა და დამსწრე საზოგადოებას შორის გაიმართა დისკუსია. ღონისძიების დასასრულს კი თითოეულ მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი. კონფერენციის ორგანიზატორთა განცხადებით აღნიშნული შეხვედრა ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და ყოველწლიურად ჩატარდება.