კონფერენცია ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების პროექტის  SQUARE ფარგლებში

კონფერენცია ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების პროექტის SQUARE ფარგლებში

2023 წლის 9-11 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, ERASMUS + მიერ დაფინანსებულ ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების პროექტის  „მესამე მისიის ხარისხისა და შესაბამისობის განვითარება ქართულ უნივერსიტეტებში“ (SQUARE) ფარგლებში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც თსსუ-ის ვიცე-რექტორმა აკადემიური მიმართულებით, პროფესორმა ხათუნა თოდაძემ გახსნა.

პროფესორმა ხათუნა თოდაძემ დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და საგანმანათლებლო დაწესებულების მართვაში „მესამე მისიის“ კონცეფციის გააზრებისა და დანერგვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ლაშა მარგიშვილი, რომელმაც აღნიშნა მესამე მისიის შეფასების აუცილებლობა მომავალი ავტორიზაციის პროცესების დროს.

ევროპელმა კოლეგებმა ბელგიიდან, საფრანგეთიდან, პორტუგალიიდან და ფინეთიდან უნივერსიტეტის „მესამე მისიის“ გაძლიერების მიმართულებით საკუთარი გამოცდილება წარმოადგინეს. თავის მხრივ, ქართულმა უნივერსიტეტებმა ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობით შემუშავებული „მესამე მისიის‘‘ სტრატეგიული განვითარების ხედვა და გეგმები გაუზიარეს დამსწრე საზოგადოებას.  

თსსუ-ის ERASMUS + პროექტის ინსტიტუციურმა კოორდინატორმა ნინო კანდელაკმა წაიკითხა მოხსენება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მესამე მისიის პილოტური პროექტის „ სიცოცხლის მეცნიერებათა მუზეუმის“  თაობაზე. 

აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელებაში 2020 წლიდან  ჩართულია 8 ქართული და 3 ევროპული უნივერსიტეტი, საერთაშორისო სააკრედიტაციო სააგენტო EFMD, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.

შემდეგი შეხვედრა პროექტ SQUARE-ის ფარგლებში 20-23 ნოემბერს ლისაბონში ჩატარდება, სადაც უნივერსიტეტების წარმომადგენლები  განიხილავენ პილოტური პროექტების შედეგებს.