კონფერენცია - ,,ონკოლოგია საქართველოში 70 წლისაა“

კონფერენცია - ,,ონკოლოგია საქართველოში 70 წლისაა“

 2016 წლის 3 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ,,კლინიკური ონკოლოგიის საქართველოს საზოგადოების“ და  ჟურნალ ,,კლინიკური ონკოლოგიის“ ორგანიზებით გაიმართა მე-5 საერთაშორისო შემაჯამებელი კონფერენცია  - ,,ონკოლოგია საქართველოში 70 წლისაა“.

კონფერენციის მუშობაში ბრიტანელი ონკოქირურგები, პროფესორები: ტომ სესილი და იან ჯენკინსი მონაწილეობდნენ.

ღონისძიება გახსნა კლინიკური ონკოლოგიის საქართველოს საზოგადოებისა და თსსუ-ის ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა რემა ღვამიჩავამ, რომელმაც მიმოიხილა 2016 წელს კლინიკური ონკოლოგიის საქართველოს საზოგადოების საქმიანობა, რომელიც დაეთმო ონკოლოგებისა და ონკოლოგიის სფეროში მომუშავე სხვა ექიმებისათვის მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მიღწევების გაცნობას. საზოგადოების წევრები პრაქტიკული კლინიკური საქმიანობის პარალელურად აქტიურად მონაწილეობდნენ საქართველოსა და უცხოეთში გამართულ სამეცნიერო ფორუმებში. საზოგადოების წევრების მიერ 2016 წელს გამოქვეყნდა 65 სამეცნიერო პუბლიკაცია, მათ შორის 16 უცხოურ გამოცემებში. პროფესორ რემა ღვამიჩავას განცხადებით  მნიშვნელოვანია ისეთი წარმატებები, როგორიც არის პერსონალიზირებული მედიცინის შემოღება, ასევე, ქვეყანაში პაციენტების ქიმიოთერაპიის და ჰორმონოთერაპიის დაფინანსება.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას განცხადებით, უნივერსიტეტის ონკოლოგიის დეპარტამენტს დასავლეთის არაერთ წამყვან უნივერსიტეტთან აქვს საერთაშორისო კავშირები. მან იმედი გამოთქვა, რომ ბრიტანელ და ქართველ კოლეგებს შორის სამომავლოდ თანამშრომლობა უფრო გაღრმავდება. 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა ირაკლი კოხრეიძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ თსსუ ყოველწლიურად მასპინძლობს კლინიკური ონკოლოგიის საქართველოს საზოგადოების შემაჯამებელ კონფერენციას, რომელიც ემსახურება დარგის წამყვან ქართველ და უცხოელ სპეციალისტებს შორის ინფორმაციის ურთიერთგაცვლას ონკოლოგიის თანამედროვე ასპექტებსა  და მიღწევებზე.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ: დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე ირმა ხონელიძე,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თავისა და კისრის ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი კონსტანტინე მარდალეიშვილი,  კლინიკა  „Anglo Medical  LTD“-ს დირექტორი კარინა სალავეი,  პერიტონეალური სიმსივნეების ინსტიტუტის კლინიკური დირექტორი, პროფესორი ტომ სესილი, წმინდა მარკის და ნორტვიჩპარკის ჰოსპიტლების წამყვანი კოლორექტული ქირურგი, პროფესორი  იან ჯენკინსი.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი მოხსენებები:

  1. ,,ონკოლოგიურ დაავაადებათა ახალი შემთხვევების მახასიათებლები, საქართველო (კიბოს პოპულაციური რეგისტრის პირველადი შედეგები)“- ნ. მებონია; თსსუ-ის დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელოსბის ეროვნული ცენტრის ქრონიკულ დაავადებათა სამმართველოს ხელმძღვანელი;
  2. ,,ონკოლოგია საქართველოში 70 წლისაა“ - მ.შავდია,  უნივერსალური სამედიცინო ცენტრი;
  3. ,,კიბოს სკრინინგი საქართველოში“ - რ. ღვამიჩავა, ეროვნული სკრინინგ ცენტრი, თსსუ;
  4. ,,რადიოლოგიური სამსახურის მიმოხილვა საქართველოში - დღევანდელი მდგომარეობა - მ.ბარამია, კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი;
  5. ,,პერსონალიზებული მედიცინა კლინიკურ ონკოლოგიაში (თანამედროვეობა და პერსპექტივები)“ - ა. თავართქილაძე, გ.სიმონია, თსსუ პერსონალიზებული მედიცინის ინსტიტუტი;
  6. ,,ძუძუს კიბოს ონკოპლასტიკური ქირურგია“ - ი. კოხრეიძე თსსუ-ის ვიცე-რექტორი, თსსუ-ის ონკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი;
  7. ,,პალიატიური მზრუნველობა საქართველოში“ - ი. აბესაძე, უნივერსალური სამედიცინო ცენტრი;
  8. ,,TME განვითარება:  პირადი გამოცდილება ბესინგსტოკიდან“ - ტომ. სესილი, პერიტონეალური სიმსივნეების ინსტიტუტის კლინიკური დირექტორი;
  9. ,,მეზოკოლონის სრული ლაპაროსკოპიული ექსციზია: წმინდა  მარკის ჰოსპიტალის მიდგომა“ - იან ჯენკინსი, წმინდა მარკის და ნორტვიჩ პარკის ჰოსპიტლების წამყვანი კოლორექტული ქირურგი;
  10.  ,,ბრიტანეთის კოლორექტული ლაპაროსკოპიული ქირურგიის პროგრამის შედეგი“ - ტომ სესილი, პერიტონეალური სიმსივნეების ინსტიტუტის კლინიკური დირექტორი;
  11. ,,TME - ს  მიღმა: ადგილობრივად გავრცელებული რეციდიული რექტალური კიბო“ - იან ჯენკინსი, წმინდა მარკის და ნორტვიჩპარკის ჰოსპიტლების წამყვანი კოლორექტული ქირურგი.