კონფერენცია ქალაქ საჩხერეში

კონფერენცია ქალაქ საჩხერეში

2017 წლის  28-29 ოქტომბერს ქალაქ საჩხერეში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა გასვლითი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „საზოგადოებრივი ჯანდაცვის აქტუალური საკითხები“.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი,  ლაბორანტები და მოწვეული პედაგოგები. კონფერენციის მუშაობაში, ასევე, მონაწილეობას იღებდნენ შრომის მედიცინისა და ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი რუსუდან ჯავახაძე და   ამავე ინსტიტუტის ტოქსიკოლოგიური ლაბორატორიის ხელმძღვანელი, პროფესორი ინგა ღვინერია.

კონფერენცია გახსნა და მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ირაკლი  მჭედლიშვილი. შემდგომ მოხსენება წაიკითხა  თსსუ–ის გარემოს ჯანმრთელობისა და პროფესიული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა რევაზ კვერენჩხილაძემ, რომელმაც ისაუბრა გარემოსა და ჯანმრთელობის ურთიერთდამოკიდებულების აქტუალურ საკითხებზე.

მონაწილეთა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია მოხსენებებმა, რომელიც შეეხებოდა დასაქმებულთა შრომისა და ჯანმრთელობის თანამედროვე პრობლემებს, არაგადამდები დაავადებების გავრცელებას, იმერეთის რეგიონის კურორტების გამოყენების პერსპექტივებს, ჯანდაცვის მენეჯმენტის სოციალურ ასპექტებს და ა.შ. პროფესორ ირაკლი მჭედლიშვილის და  სოფიო გურამიშვილის მოხსენებაში, რომელიც ეხებოდა „C„ ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის განხორციელებას საქართველოში“  ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ამ პროგრამის რეალიზაციაში აქტიური მონაწილეობა მიიღო სამედიცინო უნივერსიტეტის პედაგოგიურმა პერსონალმა და, განსაკუთრებით, სტუდენტებმა. ამასთან, უნივერსიტეტის ჩართულობა ამ მეტად მნიშვნელოვან ღონისძიებაში შემდგომშიც გაგრძელდება. ასევე აღინიშნა, რომ გარკვეული სირთულეებისა და წინააღმდეგობების მიუხედავად პროგრამა წარმატებით ხორციელდება.

მომხსენებელთა შორის დიდი ინტერესი გამოიწვია შრომის მედიცინისა და ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ რუსუდან  ჯავახაძის მოხსენებამ, რომელიც ეხებოდა პროფესიული პათოლოგიის პრობლემებს დღევანდელ საქართველოში და, განსაკუთრებით, იმერეთის რეგიონში. კონფერენციის მონაწილეთა გადაწყვეტილებით, აღნიშნული მოხსენების განხილვა დაიგეგმა პროფილაქტიკური მედიცინის აკადემიის უახლოეს სხდომაზე.