კონფერენცია „ქირურგია: თანამედროვე მიღწევები და პერსპექტივები“

კონფერენცია „ქირურგია: თანამედროვე მიღწევები და პერსპექტივები“

   
   

მიმდინარე წლის 2 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიხსნა ქართულ–გერმანული ერთობლივი კონფერენცია „ქირურგია: თანამედროვე მიღწევები და პერსპექტივები“, რომელიც მიეძღვნა გამოჩენილი ქირურგის, პროფესორ ნოდარ გრიგოლიას ხსოვნას.

კონფერენცია გახსნა თსსუ–ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ, მან ისაუბრა ნოდარ გრიგოლიას დამსახურებაზე, მის ადამიანურ და პროფესიულ ღირსებებზე.

ნოდარ გრიგოლიას ღვაწლზე ვრცლად ისაუბრა მისმა მოწაფემ, პროფესორმა გიორგი გიორგობიანმა.

კონფერენციას  ესწრებოდნენ გერმანელი სტუმრები:  პრივატდოცენტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი რაინჰოლდ ლანგი, პრივატდოცენტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ფრიტც შპელსბერგი, პრივატდოცენტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი გეორგიოს მეიმარაკისი და გერმანიაში მოღვაწე  ქართველი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თსსუ–ის საპატიო დოქტორი გიორგი გრიგოლია.

გიორგი გრიგოლიამ მამის – ნოდარ გრიგოლიას სახელობის სტიპენდია კიდევ ერთ წარმატებულ სტუდენტს მიანიჭა. როგორც ცნობილია, უკვე მესამე წელია, თსსუ–ს წარმატებულ სტუდენტებს, რომლებიც პროფესიად ქირურგიას ირჩევენ, თსსუ–ის საპატიო დოქტორის, გიორგი გრიგოლიას ინიციატივით,  პროფესორ ნოდარ გრიგოლიას სახელობის სტიპენდია ენიჭებათ.

კონფერენციაზე სტუმრებმა წარმოადგინეს მოხსენებები: „რეფლუქს-დაავადების ქირურგიული თერაპიის მეთოდები: სტანდარტი და ტექნიკა“ (დოქტორი რეინოლდ ლანგი), „ენდოვაკ–თერაპია ანასტომოზის ინსუფიციენციის დროს“ (დოქტორი ფრიც სპელსბერგი“ და „ინფრარენალური აორტის ანევრიზმა: დიაგნოსტიკა და თერაპია“ (დოქტორი გეორგიოს მეიმარაკისი).

კონფერენციის დასკვნით ნაწილში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანსის უნივერსიტეტის აკადემიურ კლინიკა ლანდსჰუტს შორის გაფორმდა მემორანდუმი.