კრაიოვას მედიცინის და ფარმაციის უნივერსიტეტის პროფესორების ვიზიტი თსსუ-ში

კრაიოვას მედიცინის და ფარმაციის უნივერსიტეტის პროფესორების ვიზიტი თსსუ-ში

2023 წლის 5-7 აპრილს, ERASMUS + პროექტის KA 107  ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს სტუმრობდნენ კრაიოვას (რუმინეთი) მედიცინის და ფარმაციის უნივერსიტეტის (University of Medicine and Pharmacy of Craiova) სამედიცინო ინფორმატიკის და ბიოსტატისტიკის  დეპარტამენტის პროფესორი, რუმინეთის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის სოციოლოგი და კოორდინატორი, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციის (MHASEE) პრეზიდენტი დრაგოს ალექსანდრუ და სამედიცინო სოციოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი მიხაილ პირლოგი. 

კრაიოვას მედიცინის და ფარმაციის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის კვების, ასაკობრივი მედიცინის, გარემოსა და პროფესიული ჯანმრთელობის დეპარტამენტის და  საზოგადოებრივი ჯანდაცვის მენეჯმენტის პოლიტიკისა და ეკონომიკის დეპარტამენტის ბაზებზე წაიკითხეს ლექციები.

პროფესორ დრაგოს ალექსანდრუს  სალექციო კურსი მოიცავდა შემდეგ საკითხებს: 

- სამედიცინო სტატისტიკის გაცნობა. სტატისტიკური მაჩვენებლები რიცხვითი მონაცემებისთვის;

- ნდობის ინტერვალები და მათი გამოყენება. პარამეტრული და არაპარამეტრული სტატისტიკური ტესტები რიცხვითი მონაცემების შესადარებლად;

- სამედიცინო სტატისტიკაში განაწილების ფუნქციები, ნორმალური განაწილება და მისი მაგალითები: ჰისტოგრამა და სხვა ტიპის დიაგრამები;

- სტატისტიკური კორელაციის ცნება, პირსონის კორელაციის კოეფიციენტი. რეგრესიის ცნება. საგანგებო ცხრილები და სტატისტიკური ინდიკატორები მათი ანალიზისთვის. Chi Square ტესტი.

ასოცირებული პროფესორის მიხაილ  პირლოგის სალექციო თემატიკა იყო:  

- COVID-19 პანდემიის სოციალური გავლენა;

- პანდემიის ფსიქო-სოციალური გავლენა სასწავლო პროცესზე;

- განათლების დიგიტალიზაცია;

- პანდემიის გავლენა მცირე ჯგუფებზე - ფოკუსირება სტუდენტებზე.

ლექციებს ესწრებოდნენ თსსუ-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტები.