ლექცია - ,,ღირს თუ არა გავშიფროთ საკუთარი გენომი

ლექცია - ,,ღირს თუ არა გავშიფროთ საკუთარი გენომი

,,მეცნიერებისა და ინოვაციების თბილისის ფესტივალის,, ფარგლებში, მიმდინარე წლის 21 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში თსსუ-ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ელენე აბზიანიძემ წაიკითხა  ლექცია:  „ღირს თუ არა გავშიფროთ საკუთარი გენომი“. ლექციას ესწრებოდნენ პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, გენეტიკით დაინტერესებული მოსწავლეები თბილისის სხვადასხვა საჯარო სკოლებიდან.

პროფესორმა ელენე აბზიანიძემ ისაუბრა  სამედიცინო გენეტიკის და ეპიგენეტიკის საქართველოს  საზოგადოების მიერ ჩატარებულ ღონისძიებებზე, გენეტიკის როლსა და მნიშვნელობაზე მედიცინასა და  მეცნიერებაში. აღინიშნა, რომ  2010  წლიდან ევროპასა და აშშ-ში  ყოველწლიურად აღინიშნება დნმ-ის საერთაშორისო დღე.  საქართველოც აქტიურად არის ჩართული ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში. ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია თსსუ-ში არსებული სტუდენტთა სამეცნიერო  კლუბ „მეგის“ („მომავალი ეკუთვნის გენეტიკას“) მიერ ჩატარებული კონფერენციები თუ აქციები, რომელიც ყოველთვის ინტერესს იმსახურებს. პროფესორმა ელენე აზიანიძემ ისაუბრა სკოლებთან თანამშრომლობაზეც და მადლობა გადაუხადა სკოლების პედაგოგებს და გენეტიკით დაინტერესებულ მოსწავლეებს გამორჩეული აქტივობისთვის.  

ლექციაზე ყურადღება გამახვილდა ადამიანის გენომის არსსა და მისი გაშიფვრის მნიშვნელობაზე, რაც 90-ან წლებში დაიწყო და 15 წელი დასჭირდა. ეს იყო დიდი ბიძგი ბიოლოგიაში და ახალი ეპოქის დასაწყისი მედიცინაში. 2008 წელს დაიწყო  ადამიანის გენომის შესწავლა, რამაც სათავე დაუდო პერსონალიზებულ/ზუსტ მედიცინას.  

პერსონალიზებული/ზუსტი მედიცინა აქტიურად ვითარდება  და XXI საუკუნის მედიცინად არის მიჩნეული.

ლექციის ბოლოს ჩატარდა ვორქშოპი - ,,საჩუქრად საკუთარი დნმ“.  სტუდენტებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ვორქშოპში,  გადაეცათ  საკუთარი  დნმ,  რომელიც ღონისძიების  პროცესში  იქნა  გამოყოფილი.