ლექცია გენომის ინფორმაციის გავლენაზე კლინიკური გადაწყვეტილებების დროს

ლექცია გენომის ინფორმაციის გავლენაზე კლინიკური გადაწყვეტილებების დროს

2018 წლის 31 მაისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სინგაპურის გენომის ინსტიტუტის ტრანსლაციური კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, პროგრამა POLARIS-ის დირექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე ლეჟავამ  წაიკითხა ლექცია - "გენომის ინფორმაციის გავლენა კლინიკური გადაწყვეტილებების დროს".

წლების განმავლობაში პროფესორი ალექსანდრე ლეჟავა  მუშაობდა გენომის სადიაგნოსტიკო კვლევით  კომპანია ,,Dx assays”-ში, კვლევის დირექტორის პოზიციაზე, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების, ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და იაპონიის რიკენის ინსტიტუტში, სადაც ათ წელზე მეტ ხანს ხელმძღვანელობდა უნივერსიტეტის კვლევით ლაბორატორიას.   

პროფესორ ალექსანდრე ლეჟავას კვლევის თემაა ახალი ტექნოლოგიების განვითარება გენომის სფეროში და მოლეკულური დიაგნოსტიკა. მისი პუბლიკაციები გამოქვეყნებულია სხვადასხვა წამყვან სამეცნიერო ჟურნალში; ის გახლავთ  რამდენიმე სამეცნიერო გამოგონების  ავტორი. ( სამეცნიერო გამოგონების მფლობელი)

ღონისძიება გახსნეს და საზოგადოებას მომხსენებელი წარუდგინეს: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა  მოადგილემ, ასოცირებულმა-პროფესორმა ზაზა ბოხუამ და თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ. 

პროფესორმა ალექსანდრე ლეჟავამ საზოგადოებას გააცნო თავისი საქმიანობის მთავარი ასპექტები. მან აღნიშნა, რომ ლაბორატორიის მიზანი არ არის მხოლოდ კვლევითი სამუშაოების წარმოება, არამედ მისი მთავარი ღირებულება მეცნიერების დახმარებით საზოგადოებისათვის მაქსიმალური სარგებლის მოტანაა.

ინოვაციური მეთოდების გამოყენებით,  შესაძლებელი გახდა ტუბერკულოზის, ონკოლოგიური დაავადებების და კეთრის მკურნალობაში ახალი მიდგომების დანერგვა, რაც კომპანია POLARIS-ის საქმიანობის მნიშვნელოვანი შედეგია.

ბატონმა ალექსანდრემ ისაუბრა გენეტიკის უახლეს მიღწევებზე, როგორიცაა: ტრანსლაციური კვლევები, კლინიკური სექვენირება და მოლეკულური დიაგნოსტიკა, თხევადი ბიოფსია და ბიომარკერები. 

მეცნიერის განცხადებით, ტრანსლაციური კვლევები და მოლეკულური დიაგნოსტიკა, რასაც  ადამიანის გენომის გაშიფვრის შემდგომ კლინიკურ პრაქტიკაში აქტიურად იყენებენ, საფუძვლად დაედო პაციენტის მკურნალობისადმი ინდივიდუალურ მიდგომასა და პერსონალიზებული მედიცინის განვითარებას, რომელიც  სულ უფრო დიდ ადგილს იკავებს კლინიკურ პრაქტიკაში.

ქართველი მეცნიერის განცხადებით, ბიოლოგების, გენეტიკოსების და პრაქტიკოსი ექიმების ერთობლივი ძალისხმევით, მეცნიერული ინოვაციების პრაქტიკაში დანერგვით, მრავალ  ძნელად სამართავ დაავადებასთან წარმატებული ბრძოლა  გახდება შესაძლებელი.