ლექცია პოსტ–ტრავმული სტრესის მართვაზე

ლექცია პოსტ–ტრავმული სტრესის მართვაზე

2014 წლის 24 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ამერიკელი სტუმრები: აშშ–ში 2010 წელს საუკეთესო ადამიანის წოდების მფლობელი, პენტაგონის თანამშრომელი,  პოლკოვნიკი ჯილ ჩემბერლსი და მისი მეუღლე, ცნობილი მომღერალი და სიმღერების ავტორი მაიკლ პეტერსონი ეწვივნენ. ისინი სადისერტაციო დარბაზში შეხვდნენ მსმენელებს: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომლებსა და სტუდენტებს. შეხვედრას ესწრებოდნენ თსსუ–ის კანცლერი ზურაბ ორჯონიკიძე, სხვადასხვა ფაკულტეტის წარმომადგენლები. განსაკუთრებულ ინტერესს თსსუ–ის ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სტუდენტები გამოხატავდნენ, რადგან განხილული თემა – „პოსტ–ტრავმული სტრესის მართვა“ მათთვის, როგორც  მომავალი პროფესიონალებისთვის ერთ–ერთი მთავარი საზრუნავია.

ვიდრე პოლკოვნიკი ჯილ ჩემბერლსი თავის ლექციას დაიწყებდა, მიკროფონთან მისი მეუღლე – მაიკლ პეტერსონი მივიდა. მან რამდენიმე სიმღერა შეასრულა. შემდეგ კი აუდიტორიას მიმართა: „შეიძლება გაგიკვირდეთ, რა კავშირი აქვს ამ სიმღერებს ლექციასთან. პოსტ–ტრავმული სტრესი თავად მაქვს გამოცდილი, თუმცა არასდროს მიმსახურია შეიარაღებულ ძალებში, არ ვყოფილვარ ომში... 15 წლისას მამა მომიკლეს, 17 წლისამ კი პირველმა ვნახე, რომ ჩემს მამინაცვალს თავი მოეკლა. ამ ამბის მერე ძალიან ცუდად ვიყავი და მხოლოდ მუსიკა დამეხმარა სიმშვიდე მომეპოვებინა. ჩემი მეუღლე საუბრობს ტრავმებსა და მათი მართვის მეთოდებზე. ჩვენ ვთანხმდებით, რომ მუსიკა მართავს ემოციას, ემოცია კი მართავს ცვლილებებს. ჩვენი მიზანიც ის არის რომ მოხდეს ცვლილება და ადამიანმა დაიბრუნოს სიმშვიდე, მხნეობა“...

პოლკოვნიკი ჯილ ჩემბერლსი 11 სექტემბრის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ თავად განიცდიდა ძლიერ პოსტრამვულ სტრესს. მაშინ ამაზე არავინ ლაპარაკობდა, თითქოს პრობლემაზე საუბარი არ შეეფერებოდა სამხედროთა ვაჟკაცურ ბუნებას. სწორედ ჯილ ჩემბერლსი იყო პირველი, ვინც ამაზე ხმამაღლა განაცხადა. დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში პოსტრამვული სტრესის მართვა ძალიან მაღალ დონეზეა აყვანილი. აუდიტორიას უჩვენეს კადრები, რომელშიც აღწერილია როგორ აგრძელებენ ცხოვრებას მძიმე ტრავმების შემდეგ ჯარისკაცები.

სამწუხაროდ, პოსტრავმული სტრესი  საქართველოში ძალიან აქტუალურია. სწორედ ამიტომ მალე აქ გაიხსნება ამერიკული სტანდარტების სარეაბილიტაციო ცენტრი. როგორც ჯილ ჩემბერლსმა აღნიშნა, მათი მხრიდან აუცილებლად იქნება ყოველგვარი ხელშეწყობა ამ საქმეში. მან დეტალურად განიხილა, როგორ უნდა მიუდგეს მკურნალი, თუ რეაბილიტატორი ჯარისკაცთა (ან სხვა პირების) პოსტრამვულ მკურნალობას. ამ შემთხვევაში მედიკამენტოზური ჩარევა ყველაფერს ვერ აწესრიგებს. საკუთარი გამოცდილების გათვალისწინებით, აუცილებელია სწორად გავიაზროთ და აუცილებლად მივმართოთ ე.წ. „შესრულების ტრიადას“, რომელიც მოიცავს ძილის, კვებისა და აქტივობის მოწესრიგებას. ეს არის ის გზა, რომელიც მართავს პროცესს და ტრამვირებულ ადამიანს ახალ ადამიანად – მხნე ადაიანად გარდაქმნის.

ლექციის დასასრულს თსსუ–ის კანცლერმა ზურაბ ორჯონიკიძემ მადლიერება გამოხატა ამერიკელი სტუმრების მიმართ. მან აღნიშნა: ეს აუდიტორია 38 წლის წინ გაიხსნა – 1976 წელს. მაშინ სტუდენტი ვიყავი. მას მერე ბევრჯერ დავსწრებივარ აქ ლექციასა და საზეიმო შეხვედრას, მაგრამ პირველად მოვხვდი ღონისძიებაზე, სადაც ლექცია და მუსიკა ასე ჰარმონიულად თანხვდება ერთმანეთს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამ საინტერესო შეხვედრისთვის“.