ლექცია სტუდენტებისთვის კვლევითი საქმიანობის საკითხებზე

ლექცია სტუდენტებისთვის კვლევითი საქმიანობის საკითხებზე

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში კვლევითი საქმიანობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

თსსუ-ის სტუდენებთან მოხსენებით წარსდგა თსსუ-ის ვიცე-რექტორი, პროფესორი სოფიო ბახტაძე, რომელმაც კვლევითი პროექტების ძირითადი კომპონენტები და მისი დაგეგმვის პრინციპები განიხილა.

როგორც პროფესორმა აღნიშნა, კვლევა საზოგადოების და მათ საჭიროებებზე მორგებული ჯანდაცვის სისტემების განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა. 

მისი განმარტებით, კვლევითი საქმიანობა საშუალებას იძლევა პრობლემები მეცნიერულად შეფასდეს, რაც საბოლოოდ ხელს უწყობს როგორც თეორიული და კლინიკური მედიცინის ცოდნის განვითარებას, ისე ჯანდაცვის სისტემების ხარისხის გაუმჯობესებას.

მოხსენებაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კვლევითი პროექტის დაგეგმვის ეტაპებს, მათ შორის პრობლემის იდენტიფიკაციასა და პრიორიტეტების განსაზღვრას, პრობლემის ფორმულირებასა და ანალიზს, ლიტერატურის მიმოხილვას და კვლევის მიზნების ჩამოყალიბებას.

მოხსენების დროს პროფესორმა სტუდენტებს პრაქტიკული მაგალითიც გაუზიარა საკუთარი კლინიკური პრაქტიკიდან. მან კონფერენციაზე ისაუბრა იშვიათ კლინიკურ შემთხვევაზე, რომლის ანალოგი მსოფლიო მასშტაბით დაახლოებით 20-მდე შემთხვევა ფიქსირდება. აღნიშნული მაგალითით მან სტუდენტებს აუხსნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კლინიკური პრაქტიკიდან მიღებული გამოცდილების კვლევით პროცესში გადატანა და მისი მეცნიერული ანალიზი.

შეხვედრამ სტუდენტებში დიდი დაინტერესება გამოიწვია. ლექციის დასკვნითი ნაწილი ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა.