ლიდსის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) სამედიცინო განათლების ექსპერტების ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

ლიდსის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) სამედიცინო განათლების ექსპერტების ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2012 წლის 10-11 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის ფარგლებში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ ლიდსის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი)  სამედიცინო განათლების ექსპერტები - პროფესორები ანა-მარია რეიდი, რიჩარდ ფულერი, მარტინ მაკარავეი და გოდფრი პელი, რომლებმაც თსსუ-ის პროფესორ-მასწავლებლებისთვის ჩაატარეს სიმპოზიუმი „სამედიცინო განათლების ძირითადი სტრატეგიები XXI საუკუნეში“ ; ვორქშოპები: „OSCE-ის პრინციპები, დიზაინი და ჩატარება“ და „მომავლის აკადემიური პერსონალი“. ბრიტანელი ექსპერტების ჩატარებულმა ღონისძიებებმა აკადემიური პერსომალისა და სტუდენტების დიდი ინტერესი გამოიწვია.

 

სიმპოზიუმი გახსნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ, რომელმაც დადებითად შეაფასა ბრიტანელ ექსპერტთა და თსსუ-ს შორის არსებული  მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა, რაც ხელს უწყობს  თსსუ-ის ძირითად სტრატეგიას   სამედიცინო განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და ევროპული  სტანდარტების სრულად დამკვიდრებაში.

 

დისკუსიები შეეხო სამედიცინო განათლების აქტუალურ საკითხებს. მოხდა გამოცდილების ურთიერთგაზიარება და დაისახა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.  ბრიტანელმა ექსპერტებმა დადებითად შეაფასეს სიმპოზიუმში მონაწილე თსსუ-ის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების კომპეტენცია, თსსუ-ში განხორციელებული რეფორმის შედეგები  და  გამოთქვეს მზადყოფნა შემდგომი ურთიერთთანამშრომლობის თაობაზე.