ლუბლინის სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

ლუბლინის სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

„Erasmus+“-ის პროგრამის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ ლუბლინის სამედიცინო უნივერსიტეტის (პოლონეთი) წარმომადგენლები: ანატომიის დეპარტამენტის პროფესორი იასეკ ბაჯი, ფარმაკოგნოზიის დეპარტამენტის მეცნიერ-თანამშრომელი იაროსლავ ვიდელსკი და ფარმაცევტული მიკრობიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი აგნეჟკა გრჟეგორცჟიკი.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრები შეხვდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის „Erasmus+“-ის ინსტიტუციურ კოორდინატორს, ნინო კანდელაკს, ასევე ფარმაციისა და მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტების აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს. შეხვედრაზე, მხარეებმა განიხილეს უნივერსიტეტებს შორის მიმდინარე თანამშრომლობის შედეგები, აკადემიური მობილობის შესაძლებლობები, ერთობლივი სასწავლო და სამეცნიერო ინიციატივები, აგრეთვე საერთაშორისო პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები.

ლუბლინის სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია ფარმაციის ფაკულტეტის დეპარტამენტებს, სადაც გაეცნო სასწავლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურას, მიმდინარე კვლევით პროექტებსა და ფაკულტეტის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებს. სტუმრებმა დაათვალიერეს თსსუ-ის ექსპერიმენტული მორფოლოგიისა და ანატომიური დისექციის უნარ-ჩვევების ცენტრი, სადაც გაეცნენ თანამედროვე სასწავლო მეთოდებსა და პრაქტიკული სწავლების შესაძლებლობებს.

შეხვედრების ფარგლებში დაისახა სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები, რომლებიც მოიცავს ერთობლივი კვლევების განხორციელებას, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების მობილობის ხელშეწყობას, საერთაშორისო საგრანტო პროექტებში მონაწილეობასა და გამოცდილების გაზიარებას.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და ლუბლინის სამედიცინო უნივერსიტეტს მრავალწლიანი, მჭიდრო და წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებთ. პარტნიორობა 2013 წლიდან აქტიურად ვითარდება „Erasmus+“-ის პროგრამის ფარგლებში. ამ პერიოდის განმავლობაში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის ათეულობით თანამშრომელმა და სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა გაცვლით პროგრამებში. თავის მხრივ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი რეგულარულად მასპინძლობს ლუბლინის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორებს, მკვლევრებსა და სტუდენტებს, რაც ხელს უწყობს გამოცდილების გაზიარებას, განათლებისა და კვლევის ხარისხის ამაღლებას, ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განვითარებასა და ორ უნივერსიტეტს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცებას.

ლუბლინის სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2026 წლის 20–24 ივლისს მიმდინარეობდა.