მაგდებურგის უნივერსიტეტის წარმომადგენელთა ვიზიტი თსსუ-ში

მაგდებურგის უნივერსიტეტის წარმომადგენელთა ვიზიტი თსსუ-ში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს მაგდებურგის ოტო ფონ გერიკეს სახელობის უნივერსიტეტის (გერმანია) დელეგაცია ეწვია. ვიზიტის მიზანი წარმოადგენდა უნივერსიტეტებს შორის არსებული აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავება.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ: მაგდებურგის უნივერსიტეტის მეცნიერებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი რინა შლიფჰაკე და მეცნიერებისა და თანამშრომლობის განყოფილების წარმომადგენელი ჯულიან ცეპელი.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები შეხვდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ თინათინ ტყემალაძეს. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ გერმანიაში უნივერსიტეტებსა და კლინიკებში გაცვლითი პროგრამით მყოფი თსსუ-ის სტუდენტების მიერ შესრულებული კრედიტების აღიარება მოხდება. 

დელეგაცია ასევე შეხვდა თსსუ-ის საერთაშორისო დეპარტამენტისა და მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტის წარმომადგენლებს.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა მოინახულეს თსსუ-ის უცხოური ენების ცენტრი, სადაც გაეცნენ გერმანული ენის სწავლების მეთოდოლოგიას, ასევე დაათვალიერეს თსსუ-ის მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტთან არსებულ "სიცოცხლის მეცნიერებათა მუზეუმს".

მაგდებურგის უნივერსიტეტი თსსუ-ის მრავალწლიანი პარტნიორია. ამჟამად მედიცინის ფაკულტეტის ორი სტუდენტი, Erasmus+ KA171 გრანტის ფარგლებში, მაგდებურგის უნივერსიტეტში გადის სასწავლო პროცესს.