მარო მაყაშვილის კლუბის პრეზენტაცია

მარო მაყაშვილის კლუბის პრეზენტაცია

2015 წლის 20 თებერვალს საქართველოს ეროვნული მუზეუმის საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმში მოეწყო მარო მაყაშვილის კლუბის პრეზენტაცია, რომელიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საექთნო საქმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტების ინიციატივით შეიქმნა.

იდეას ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდა, უპირველესად თსსუ–ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი მედეა ჯღარკავა, უნივერსიტეტის რექტორატის წარმოამდგენლები და აკადემიური პერსონალი. 

როგორც მარო მაყაშვილის კლუბის წევრმა სტუდენტებმა განაცხადეს, კლუბის მიზანია, ჩაატაროს აქციები ქართველი მეომრების, საქართველოს გამოჩენილი მოღვაწეების, გარკვეული საჭიროების მქონე ადამიანების მხარდასაჭერად. ამით ხაზი გაუსვას უღრმეს პატივისცემას საქართველოსთვის დამაშვრალი ადამიანების მიმართ, კიდევ ერთხელ აღნიშნოს, რომ მათთვის, როგორც ექთნებისთვის  უმნიშვნელოვანესია მარო მაყაშვილის ცხოვრებისეული მრწამსის არდავიწყება. კლუბი თავისი საქმიანობის ფარგლებში მოაწყობს ერთობლივ ღონისძიებებს  საქართველოსთვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნის, საქართველოს სამხედრო სამსახურში მყოფი გამორჩეული პირების და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ღვაწლის მქონე ადამიანებისადმი ყურადღების და პატივისცემის გამოსახატად.

მარო მაყაშვილის კლუბის თანამდგომი და პირველი თანამოაზრე კი საქართველოს ეროვნული მუზეუმი და მისი გენერალური დირექტორი, პროფესორი დავით ლორთქიფანიძე გახლავთ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საპატიო სტუმრები: მარო მაყაშვილის დისწული – ბატონი ელიზბარ ერისთავი, მისი ქალიშვილი – ქალბატონი ეკა ერისთავი, მაყაშვილების ოჯახის ნათესავი და ასევე 1921 წელს კოჯორთან დაღუპული მიხეილ მაყაშვილის ოჯახის ჩამომავალი ქალბატონი ლელა ხორნაული.

მარო მაყაშვილის კლუბის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ: საქართევლოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის  მრჩეველი მერაბ მიქელაძე, თსსუ–ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი მედეა ჯღარკავა, ენათმეცნიერების ინსტიტუტის თანამშრომელი ნინო დათეშიძე.

მაყაშვილების ოჯახის წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს გოგონებს ამ ღირსეული წამოწყებისთვის და წარმატება უსურვეს პროფესიულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.