მე-6 კავკასიური კურსი ბავშვთა ნევროლოგიაში

მე-6 კავკასიური კურსი ბავშვთა ნევროლოგიაში

2024 წლის 1-2 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ევროპის პედიატრიული ნევროლოგიური საზოგადოების (EPNS) ორგანიზებით ჩატარდა მე-6 კავკასიური კურსი ბავშვთა ნევროლოგიაში, რომელიც მიეძღვნა ნეონატალური ნევროლოგიის აქტუალურ  საკითხებს. კურსის ორგანიზატორი იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, ბავშვთა ნევროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი სოფიო ბახტაძე.  

სასწავლო კურსის მონაწილეებს მიესალმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ირაკლი ნატროშვილი. მან ისაუბრა აღნიშნული ტიპის სამეცნიერო ღონისძიებების დიდი ღირებულების შესახებ, რაც ყველა დარგში, მათ შორის ბავშვთა ნევროლოგიაში, ძალზე მნიშვნელოვანია ახალი ინფორმაციის გაზიარების კუთხით. 

მე-6 კავკასიური კურსის ფარგლებში მოხსენებებით წარდგნენ: პროფესორი ბარბარა პლეჩკო (გრაცის უნივერსიტეტი, ავსტრია); პროფესორი ლენა ჰატაია (ჰელსინკის უნივერსიტეტი, ფინეთი); პროფესორი ბრიჯიტ ვოლმერი (საუთჰემპტონის უნივერსიტეტი, გაერთიანებული სამეფო); პროფესორი ბიანა სუხუდიანი („არაბკირის სამედიცინო ცენტრი“, სომხეთი); პროფესორი სოფიო ბახტაძე (თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, საქართველო); პროფესორი ნანა ტატიშვილი (დ. ტვილდიანის უნივერსიტეტი, საქართველო); კურსს ესწრებოდა 90-მდე მონაწილე საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ინდონეზიიდან, ყაზახეთიდან, თურქეთიდან. 

სასწავლო კურსის მეორე დღეს გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში  ევროპელმა ექსპერტებმა ჩაატარეს ჰამერსმიტის შეფასების მეთოდით ახალშობილის გასინჯვის პრაქტიკული სემინარი, აგრეთვე გაიმართა საინტერესო კლინიკური შემთხვევების ზეპირი და პოსტერული განხილვა. 

მე-6 კავკასიურ კურსს უწყვეტი სამედიცინო განათლების ევროპული აკრედიტაციის საბჭოს მიერ (EACCME®) მიენიჭა 12.5 ევროპული კრედიტ ქულა - CME credits (ECMEC® ).

მნიშვნელოვანია, რომ  სასწავლო კურსმა დიდი მოწონება დაიმსახურა როგორც მონაწილე ექიმებს, ისე თსსუ-ის სტუდენტებს შორის. აღნიშნულის დასტურია EPNS-ის გვერდზე განთავსებული დადებითი შეფასებაც.