თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში პროფესორ სარფრაზ აჰმადის საჯარო ლექცია - „მეცნიერება კლინიკურ პრაქტიკაში“ - ჩატარდა. პროფესორმა აჰმადმა, რომელიც AdventHealth Cancer Institute-ის (ორლანდო, აშშ) გინეკოლოგიური ონკოლოგიის დეპარტამენტის კლინიკური კვლევის დირექტორი და ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის მიმართულებით 200-მდე პუბლიკაციის ავტორია, სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს თავისი პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარა.
ლექციის ფარგლებში, პროფესორმა ისაუბრა მიმდინარე კვლევებზე, რომლებიც ეხება გინეკოლოგიური/ონკოლოგიური პაციენტების კლინიკო-პათოლოგიურ და ოპერაციულ გამოსავალს, სიმსივნეების უჯრედული/მოლეკულური მექანიზმების შესწავლას და მკურნალობის ახალი მეთოდების შეფასებას ონკო-ჰემატოლოგიურ პაციენტებში. სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალთან შეხვედრაზე პროფესორმა აჰმადმა რობოტული ქირურგიის საფუძვლები, ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენება და მათი შედეგებიც მიმოიხილა. ამ მიმართულებით მომხსენებელმა ასევე წარმოადგინა ახალი კლინიკური კვლევების პორტფოლიო.
თსსუ-ში საჯარო ლექცია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის ფარგლებში ჩატარდა.