მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი - 2018 საზეიმოდ დაიხურა

მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი - 2018 საზეიმოდ დაიხურა

2018 წლის, 1 ოქტომბერს, მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის საზეიმო დახურვის ღონისძიება გაიმართა. ფესტივალი 2015 წლიდან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს ინიციატივით იმართება.

ღონისძიება გახსნეს და ფესტივალის მიმდინარეობა შეაჯამეს: საქართველოს  განათლების, მეცნიერების, კულტურის და  სპორტის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე თევზაძემ და თსუ-ის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ. ღონისძიებას აკადემიური წრეების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ფესტივალში მონაწილეობდნენ: საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტები, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, საქართველოს სოფლის მეურნეობის აკადემია, საქართველოს  ეროვნული მუზეუმი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველო, სხვადასხვა კერძო კომპანიები  და მეცნიერების სფეროს უცხოელი წარმომადგენლები.

ფესტივალის ფარგლებში 500-ზე მეტი აქტივობა გაიმართა. 

ღონისძიების მიმდინარეობაში, ტრადიციულად, აქტიურად იყო ჩართული თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. ,,მეცნიერებისა და ინოვაციების  ფესტივალი-2018“-ის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა 16 ღონისძიება წარადგინა, მათ შორის, სამეცნიერო და შემეცნებითი ღონისძიებები, გამოფენები, საჯარო ლექციები, კონფერენციები, ტრენინგები, მასტერკლასები, ღია კარის დღეები და სხვა.

ფესტივალის დახურვის ღონისძიებაზე, საქართველოს  განათლების, მეცნიერების, კულტურის და  სპორტის სამინისტროს ინიციატივით საფუძველი ჩაეყარა ახალ ტრადიციას, რომელიც  გულისხმობს ღვაწლმოსილი მეცნიერებისთვის საპატიო სერტიფიკატების  გადაცემას, მეცნიერების განვითარების მიმართულებით გაწეული ღვაწლისთვის.    ღონისძიებაზე საპატიო სერტრიფიკატებით დაჯილდოვდნენ: ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიო-მედიცინის ცენტრის; კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ეროვნულ ხელნაწერთა ცენტრის; იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის; აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის; რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის; სოფლის მეურნეობის აკადემიის; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლები. აღსანიშნავია, რომ თსსუ-დან ამ საპატიო ჯილდოს მფლობელნი გახდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ემერიტუსი პროფესორები, თინათინ ბუკია და ირაკლი მეგრელაძე.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ულოცავს ქალბატონ თინათინს და ბატონ ირაკლის ამ დიდ წარმატებას!