მეცნიერებისა და  ინოვაციების საერთაშორისო  კვირეული თბილისის  სახელმწიფო  სამედიცინო უნივერსიტეტში – სკოლის  მოსწავლეთა მაღალი  აქტივობა  და  დაინტერესება

მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეული თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში – სკოლის მოსწავლეთა მაღალი აქტივობა და დაინტერესება

მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, 12 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უნარ-ჩვევების ცენტრში საშუალო სკოლების მოსწავლეებისათვის გაიმართა პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჩვენებელი ტრენინგი.

თსსუ-ის კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრის ინსტრუქტორებმა მოსწავლეებს განუმარტეს თუ რა სახის სისხლდენები და მოტეხილობები არსებობს და რა გადაუდებელი ღონისძიებები უნდა გატარდეს თითოეულ შემთხვევაში. ინსტრუქტორების დახმარებით მოსწავლეებმა შეისწავლეს გულის არაპირდაპირი მასაჟის და ხელოვნური სუთქვის (ვენტილაციის) ჩატარების ტექნიკა.

ტრენინგის შემდგომ სკოლის მოსწავლეებმა დაათვალიერეს ანატომიის, ტოპოგრაფიული ანატომიისა და ბიოლოგიის მუზეუმები.

აღსანიშნავია, რომ ელექტრონულად დარეგისტრირების გარეშე, რაც სავალდებულო იყო მოსწავლეთა დიდი ნაკადის 10–კაციან ჯგუფებში გადასანაწილებლად, ტრენინგზე ერთდროულად მომსვლელთა რაოდენობამ რამდენიმე ასეულს გადააჭარბა. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ასეთი დაინტერესებისა და აქტივობის გათვალისწინებით, პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შესწავლის მიზნით, უახლოეს მომავალში კვლავაც გეგმავს ღია კარის დღის გამართვას სკოლის მოსწავლეებისათვის.