მედიცინის ფაკულტეტის  კურსდამთავრებულთა საზეიმო ცერემონია

მედიცინის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა საზეიმო ცერემონია

2014 წლის 8 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტის  კურსდამთავრებულთა საზეიმო ცერემონია გაიმართა. ეზო სადღესასწაულოდ იყო მორთული. ისინი, ვისაც ამიერიდან სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები კი არა, დიპლომირებული მედიკოსები ჰქვიათ, ლურჯ მანტიებსა და სამედიცინო უნივერსიტეტის ლოგოიან ყელსახვევებში იყვნენ გამოწყობილები. ერთმანეთს ენაცვლებოდა ბავშვური სიხალისისა და სიამაყის განცდა, მცირე ნოსტალგია იმის გამო, რომ უბედნიერესი ხანა სტუდენტობისა დასრულდა, სიახლის მოლოდინისა და საინტერესო ცხოვრების დასაწყისის შეგრძნება...

ახალგაზრდებს უნივერსიტეტის დამთავრებას ულოცავდნენ პროფესორ–მასწავლებლები, რომლებიც წლების განმავლობაში მათთან ერთად გადიოდნენ ურთულეს გზას სტუდენტების ცოდნის სრულყოფისთვის.

სტუდენტებს მიმართა თსსუ–ის მედიცინის ფაკულტეტის  დეკანმა, პროფესორმა თინათინ ჩიქოვანმა: ეს მნიშვნელოვანი დღეა, ამიერიდან კიდევ მეტად იგრძნობთ იმ დიდი შრომის შედეგს, რაც გასწიეთ უნივერსიტეტში სწავლისას... ახლა აქ დგახართ და უკვე ექიმები ხართ. არ არის იოლი, იყო ექიმი XXI საუკუნეში. მსოფლიო ელოდება ახალ მიდგომებს, იმ რთული პრობლემების გადასაჭრელად, რაც კაცობრიობას ექმნება სხვადასხვა დაავადებების არსებობის სახით. თქვენ უნდა იყოთ ახალი გზების ძიებაში, რომ მაქსიმალურად დაეხმაროთ ყველას, ვისაც ეს სჭირდება.

საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ თსსუ–ის ვიცე–რექტორი, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, ვიცე–რექტორი, პროფესორი კახაბერ ჭელიძე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ბიძინა ზურაშვილი, სამეცნიერო უნარ–ჩვევების ცენტრის დირექტორი, პროფესორი ლუიზა გაბუნია, მედიცინის ისტორიისა და ბიოეთიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ბელა მამულაშვილი. 

პროფესორმა რიმა ბერიაშვილმა სიტყვით მიმართა ახალგაზრდა მედიკოსებს, წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ მას სჯერა ამ ახალგაზრდების მომავალი წინსვლისა. „იმედია, სულ გეხსომებათ თქვენი ალმა–მატერი – დედა უნივერსიტეტი – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. როგორც დედაა ერთი, ისე ერთია ალმა–მატერი და ამდენად ძალიან ძვირფასიც“, – აღნიშნა მან.

პროფესორმა კახაბერ ჭელიძემ 6 წლის წინანდელი სიტყვები გაახსენა ყოფილ სტუდენტებს: „მაშინ მე გითხარით, რომ ჩვენ შორის სხვაობა მხოლოდ საქმე და გამოცდილებაა. თქვენ უკვე იმავე საქმეს გააკეთებთ, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, გამოცდილება თანდათან გამდიდრდება. ურთულესი გზა აირჩიეთ და გისურვებთ, წარმატებით გაიაროთ ეს გზა“.

დასასრულ, ახალგაზრდა ექიმებმა ჰიპოკრატეს ფიცი დადეს.

უნივერსიტეტის ეზოდან ერთდროულად აფრინდა თეთრი და ლურჯი საჰაერო ბუშტები. თითქოს სიმბოლურია: უნივერსიტეტის ეზოდან მართლაც მიდიან ახალგაზრდა ექიმები, თანაც აუცილებლად აღმასვლის იმედით...

ვულოცავთ და აღმასვლას ვუსურვებთ მომავალში.