მედიცინის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა საზეიმო ცერემონია

მედიცინის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა საზეიმო ცერემონია

მიმდინარე წლის 29 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტის  კურსდამთავრებულთა საზეიმო ცერემონია გაიმართა. ეზო სადღესასწაულოდ იყო მორთული. ისინი, ვისაც ამიერიდან სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები კი არა, დიპლომირებული მედიკოსები ჰქვიათ, ცისფერ მანტიებსა და სამედიცინო უნივერსიტეტის ლოგოიან ყელსახვევებში იყვნენ გამოწყობილები. ერთმანეთს ენაცვლებოდა ბავშვური სიხალისისა და სიამაყის განცდა, მცირე ნოსტალგია იმის გამო, რომ უბედნიერესი ხანა სტუდენტობისა დასრულდა, სიახლის მოლოდინისა და საინტერესო ცხოვრების დასაწყისის შეგრძნება...

ახალგაზრდებს უნივერსიტეტის დამთავრებას ულოცავდნენ პროფესორ–მასწავლებლები, რომლებიც წლების განმავლობაში მათთან ერთად გადიოდნენ ურთულეს გზას ცოდნის სრულყოფისთვის.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ სიტყვით მიმართა ახალგაზრდა მედიკოსებს, წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ მას სჯერა ამ ახალგაზრდების მომავალი წინსვლისა. „იმედია, სულ გეხსომებათ თქვენი ალმა–მატერი – დედა უნივერსიტეტი – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. როგორც დედაა ერთი, ისე ერთია ალმა–მატერი და ამდენად ძალიან ძვირფასიც“, – აღნიშნა მან.

პროფესიული განათლების წარმატებით დასრულება მიულოცა სტუდენტებს უნივერსიტეტის ვიცე–რექტორმა, პროფესორმა კახაბერ ჭელიძემ. 

სტუდენტებს მიმართა თსსუ–ის მედიცინის ფაკულტეტის  დეკანმა, პროფესორმა თინათინ ჩიქოვანმა: ეს მნიშვნელოვანი დღეა, ამიერიდან კიდევ მეტად იგრძნობთ იმ დიდი შრომის შედეგს, რაც გასწიეთ უნივერსიტეტში სწავლისას... ახლა აქ დგახართ და უკვე ექიმები ხართ. არ არის იოლი, იყო ექიმი XXI საუკუნეში. მსოფლიო ელოდება ახალ მიდგომებს, იმ რთული პრობლემების გადასაჭრელად, რაც კაცობრიობას ექმნება სხვადასხვა დაავადებების არსებობის სახით. თქვენ უნდა იყოთ ახალი გზების ძიებაში, რომ მაქსიმალურად დაეხმაროთ ყველას, ვისაც ეს სჭირდება.

 

დასასრულ, ახალგაზრდა ექიმებმა ჰიპოკრატეს ფიცი დადეს.

უნივერსიტეტის ეზოდან ერთდროულად აფრინდა თეთრი და ლურჯი საჰაერო ბუშტები. თითქოს სიმბოლურია: უნივერსიტეტის ეზოდან მართლაც მიდიან ახალგაზრდა ექიმები, თანაც აუცილებლად აღმასვლის იმედით...

თითოეულ კურსდამთავრებულს ვულოცავთ და აღმასვლას ვუსურვებთ მომავალში.