მედიცინის    ფაკულტეტის   სტუდენტების    საზაფხულო     სტაჟირება    პოზნანის    საუნივერსიტეტო    კლინიკებში

მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტების საზაფხულო სტაჟირება პოზნანის საუნივერსიტეტო კლინიკებში

2014  წლის 01 აგვისტოდან 25 აგვისტოს ჩათვლით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებმა: კარლო ჯიქიძემ, ანა ცანავამ, მარიამ  ჯინჯიხაძემ, ნინო ჩიქოვანმა, ნინო რამაზანაშვილმა, ნათია ხელაშვილმა და  ანა მაღალდაძემ  კლინიკური სტაჟირება გაიარეს პოზნანის სამედიცინო მეცნიერებების  უნივერსიტეტის (პოლონეთი) კლინიკებში.

სტუდენტების ჯგუფს ხელმძღვანელობდა სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის  სამსახურის უფროსი სპეციალისტი გოგი ჩიქოვანი.

სტუდენტებმა სტაჟირება გაიარეს  მეანობა–გინეკოლოგიის, ონკოლოგიის, ინტენსიური  თერაპიის, კარდიოლოგიისა და  ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტებში. კლინიკური მუშაობის პერიოდში სტუდენტები ჩართულები იყვნენ პრაქტიკულ საქმიანობაში,  სამედიცინო შემთხვევების განხილვაში, ეცნობოდნენ თეორიულ მასალას.

ვიზიტის ფარგლებში,  გაიმართა  შეხვედრა პოზნანის სამედიცინო მეცნიერებების უნივერსიტეტის ვიცე–რექტორთან, პროფესორ იაროსლავ ვალკოვიაკთან და საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსთან – ბოჟენა რადუხასთან. განიხილეს უნივერსიტეტებს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის, საერთაშორისო  პროგრამებში ერთობლივად მონაწილეობის, ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელებისა და  საუნივერსიტეტო კლინიკებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები. შეთანხმდნენ, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სტუდენტების რაოდენობის გაზრდის და სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტების  ჩართვის შესახებ.

მიმდინარე  წლიდან თსსუ–ის საუნივერსიტეტო კლინიკების პერსონალს, პოზნანის სამედიცინო მეცნიერებების უნივერსიტეტის მიწვევით და დაფინანსებით, შესაძლებლობა ექნება იმუშაოს კლინიკურ დეპარტამენტებში, აიმაღლოს კვალიფიკაცია,  გაიზიაროს კოლეგების გამოცდილება. 

დაიგეგმა ორმხრივი  ხელშეკრულების გაფორმება, რომელიც   პროგრამის „ERASMUS+ „–ის   ფარგლებში თსსუ–ის სტუდენტებს, აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს გაცვლით  პროგრამებში  მონაწილეობის საშუალებას მისცემს..

სტაჟირებისას სტუდენტებმა დაათვალიერეს პოზნანის ისტორიული ადგილები, ეწვივნენ მუზეუმს  „ბრამა პოზნანია“. სტაჟირების დასასრულს, სტუდენტებს გადაეცათ სერტიფიკატები. მათთვის მოეწყო ოფიციალური სადილი.