მესამე საერთაშორისო კონფერენცია ფარმაცევტულ მეცნიერებაში

მესამე საერთაშორისო კონფერენცია ფარმაცევტულ მეცნიერებაში

 

მიმდინარე წლის 29-31 მაისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა მესამე საერთაშორისო კონფერენცია ფარმაცევტულ მეცნიერებაში შემდეგი მიმართულებებით: ფარმაკოგნოზია, ფიტოქიმია, ფარმაცევტული ქიმია, ფარმაცევტული ტექნოლოგია, ბიოფარმაცია, ფარმაცევტული ანალიზი, ვალიდაციის მეთოდები, ფარმაკოეკონომიკა, ფარმაცევტული მენეჯმენტი და მარკეტინგი, კლინიკური ფარმაცია, ფარმაკოლოგია და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ქიმია და სინთეზი.

კონფერენციის  სლოგანი იყო „ტრადიციებით მომავლისაკენ“.

საგანგებოდ ამ კონფერენციაზე გამოსასვლელად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ სტუმრები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, იტალიიდან, სამხრეთ აფრიკიდან, საფრანგეთიდან, ავსტრიიდან, ირანიდან, საბერძნეთიდან და რუსეთის ფედერაციიდან.

კონფერენცია გახსნა იოველ ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ნანა გორგასლიძემ. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა თსსუ–ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია.

31 მაისს სტუმრებმა დაათვალიერეს გელათი და სათაფლია.