2023 წლის 4 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები: შირო ნაკატა - უმაღლესი განათლების ეკონომისტი განათლების პროექტების მიმართულებით, ანა ბერძენაძე - განათლების სპეციალისტი და კონკურენტული ინოვაციების ფონდის (CIF) წარმომადგენლები- ანა გომელაური და ნაზი ფარსადანაშვილი.
კონკურენტული ინოვაციების ფონდის პირველი კონკურსი მსოფლიო ბანკის პროექტის „ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი – საქართველო I2Q“ ფარგლებში ჩატარდა. კონკურსი მიზნად ისახავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კონკრეტული მიმართულებების განვითარებას, აკადემიური პროგრამებისა და სასწავლო გარემოს მოდერნიზებას და შრომის ბაზართან კავშირების გაძლიერებას. კონკურენტული ინოვაციების კონკურსი ხელს უწყობს უნივერსიტეტების სტრატეგიული გეგმების განხორციელებას, რომელიც თავის მხრივ შესაბამისობაში არის უმაღლესი განათლების ეროვნულ მიზნებთან და სახელმწიფო პრიორიტეტებთან.
პირველი საგრანტო კონკურსი 2022 წლის 30 ნოემბერს გამოცხადდა. კონკურსში მონაწილეობდა 14 სსიპ (მათ შორის 8 რეგიონული) და 7 კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. ჯამში წარდგენილ იქნა 30 განაცხადი. აღნიშნულ საგრანტო კონკურსში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროექტმა ,,OSTE-ს სადგურების დანერგვა ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ დაფინანსება მოიპოვა. პროექტს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტთან კონსორციუმის ფარგლებში ახორციელებს.
სტუმრებს შეხვდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი პროფესორი ხათუნა თოდაძე, აკადემიური განვითარებისა და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი გაიანე სიმონია, ამავე დეპარტამენტის უფროსის მოადგილე სალომე ვორონოვი და მთავარი სპეციალისტი ეკატერინე კვანტალიანი. კონსორციუმის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდნენ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ვიცე დეკანი კარლო მათითაიშვილი; მედიცინის სკოლის პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი შორენა ტუკვაძე; მედიცინის სკოლის ვიცე-დეკანი სასწავლო-სამეცნიერო და ხარისხის უზრუნველყოფის დარგში გიორგი გაბისონია და კვლევის განვითარების და ხელშეწყობის სამსახურის უფროსი ანა ჩორგოლაშვილი.
ვიზიტის მიზანი იყო პროექტის მიმდინარეობის პირველი ეტაპის მონიტორინგი, შეფასება და გამოცდილების გაზიარება. მხარეებმა ისაუბრეს პროექტის განვითარების შემდგომ გეგმებზე, სავარაუდო პარტნიორებსა და პროექტის შედეგების დისემინაციის აუცილებლობაზე სხვადასხვა ქართულ უმაღლეს დაწესებულებებში.
ვიზიტის ბოლოს სტუმრებმა დაათვალიერეს აკადემიური განვითარებისა და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტი, სადაც პროექტის ფარგლებში იგეგმება ტრენინგების ჩატარება და კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრი, სადაც მოეწყობა OSTE სადგურები. სტუმრები ეწვივნენ ახლად რეაბილიტირებულ მეორე სასწავლო კორპუსს, სადაც დაათვალიერეს „სიცოცხლის მეცნიერებათა მუზეუმი“ და განახლებული აუდიტორიები.