მსოფლიო კონგრესი სამედიცინო უნივერსიტეტში

მსოფლიო კონგრესი სამედიცინო უნივერსიტეტში

   
   

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა სამდღიანი „მსოფლიო კონგრესი ბუნებრივი ნაერთების ფარმაკოლოგიისა და ქიმიის შესახებ“, თემაზე „მომავლის მიღწევის სწორად შერჩევა“.

მსოფლიო კონგრესი ჩატარდა  ამერიკული საერთაშორისო ორგანიზაცია „Innovinc International Conferences“ (აშშ) და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იოველ ქუთათელაძის სახელობის  ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის ორგანიზებით.

მსოფლიო კონგრესში მონაწილეობა მიიღო 14 ქართველმა და 30 უცხოელმა პროფესორმა და მეცნიერმა მსოფლიოს 18 ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტებიდან. კერძოდ, მეცნიერებმა: ამერიკის შეერთებული შტატებიდან, გერმანიიდან, საქართველოდან, ისრაელიდან, სინგაპურიდან, რუსეთიდან, სლოვაკიიდან, ირანიდან, პოლონეთიდან, დომინიკის რესპუბლიკიდან, იაპონიიდან, მალაიზიიდან, უკრაინიდან, იტალიიდან, სამხრეთ კორეიდან, სომხეთიდან, ნიგერიიდან და იორდანიიდან.

კონგრესის პროგრამა მოიცავდა 16 სამეცნიერო მიმართულებას, მათ შორის ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა: სამედიცინო ქიმია და ფარმაკოლოგია, ნანოტექნოლოგიები, ოფთალმოლოგია, ფარმაცევტული ქიმია, სამკურნალო საშუალებების გამოყენება, ტოქსიკოლოგია, ონკოლოგია და სხვა.

საერთაშორისო ორგანიზაცია „Innovinc International Conferences“ (აშშ)  მთელს მსოფლიოში ატარებს საერთაშორისო კონგრესებსა და კონფერენციებს, რომლებიც ეფუძნება  თანამედროვეობის გამოჩენილ მეცნიერთა ცოდნასა და გამოცდილებას და საშუალებას აძლევს ექსპერტ –  მომხსენებლებს მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან  შეიკრიბონ და ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება, ცოდნა და შესაძლებლობები.

ორგანიზაციის მიზანია, მუდმივად გააკეთოს ფოკუსირება ინოვაციურ ტენდენციებზე, რომლებიც მოიცავს ყველაზე თანამედროვე თემებს. ორგანიზაცია დიდი სიფრთხილით არჩევს ყოველი შემდგომი კონგრესის მასპინძელ ორგანიზაციას.

აღსანიშნავია, რომ წელს ასეთი პატივი ერგო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იოველ ქუთათელაძის სახელობის  ფარმაკოქიმიის ინსტიტუტს, რომლის დირექციაც ერთი წლის მანძილზე აწარმოებდა მოლაპარაკებებს Innovinc International Conferences–ის ხელმძღვანელობასთან. 

კონგრესის ერთ–ერთი ორგანიზატორის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის დირექტორის,  თსსუ–ის  სოციალური ფარმაციის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის ნანა გორგასლიძის ინფორმაციით, „ქართველი მეცნიერების გვერდით კონგრესის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს თავისი დარგის უძლიერესმა მეცნიერებმა, კერძოდ, ვლადიმირ ტორჩილინიმ (აშშ), რომელიც არის 12 წიგნის და 400–ზე მეტი სტატიის ავტორი და რომლის პუბლიკაციები 44 ათასჯერ არის ციტირებული საერთაშორისო  გამოცემებში, ალექსანდრ  სიროტკინმა  (სლოვაკია), რომლიც არის 620 პუბლიკაციის ავტორი და 2200 ჯერ არის მისი ნაშრომები   ციტირებული  საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში, მიხაელ დანილენკომ (ისრაელი), ნორიჩიკა ოგატამ (იაპონია), შტეფან შულცმა  და სხვებმა. თითოეულმა მათგანმა გააკეთა ძალიან საინტერესო მოხსენებები ფარმაკოლოგიის სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე“.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო კონგრესის მუშაობაში სრულად იყო ჩართული თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის თითქმის ყველა თანამშრომელი. 

კონგრესის მუშაობაში ასევე მონაწილეობა მიიღეს  საქართველოს ტექნიკური, აგრარული და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის უნივერსიტეტის პროფესორებმა.

მსოფლიო  კონგრესი „ბუნებრივი ნაერთების ფარმაკოლოგიისა და ქიმიის შესახებ“  დასრულდა მონაწილეებისათვის შესაბამისი სერთიფიკატების გადაცემით.