ნეირორეაბილიტაციის კურსი პროფესორ ჯეიმს ლისა და ფიზიოთერაპევტ ჯაე ჩოეს ხელმძღვანელობით

ნეირორეაბილიტაციის კურსი პროფესორ ჯეიმს ლისა და ფიზიოთერაპევტ ჯაე ჩოეს ხელმძღვანელობით

თსსუ–ში სასწავლო პროცესი დღითიდღე  საინტერესო და მრავალმხრივი ხდება. თსსუ–ის სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, ქვეყნიდან გაუსვლელად, საკუთარ უნივერსიტეტში ეზიარონ მსოფლიოში აპრობირებულ,  წარმატებულ სამკურნალო მეთოდებსა და ნოვაციებს.

2014 წლის 10.03 – 02.05 ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის რეაბილიტაციურ მეცნიერებათა დეპარტამენტში ამერიკელმა პროფესორმა ჯეიმს ლიმ და ფიზიოთერაპევტმა ჯაე ჩოემ ჩაატარეს ლექციები და პრაქტიკული მეცადინეობები ნეირორეაბილიტაციის საკითხებზე. ლექციების თემატიკა გათვალისწინებული იყო თსსუ-ის ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტებისთვის და ატარებდა ინტერაქტიურ ხასიათს. პრაქტიკული მეცადინეობების დროს ნეირორეაბილიტაციაში მეტად საგულისხმო გამოცდილების მქონე ამერიკელი სპეციალისტების მეთვალყურეობით და ხელმძღვანელობით,  თეორიული ცოდნის გაღრმავებასთან ერთად, სტუდენტებმა შეიძინეს ნევროლოგიური დარღვევის მქონე პაციენტის ფიზიკური გამოკვლევის, შეფასების, ფიზიკური ინტერვენციებით მკურნალობისა და რეაბილიტაციის თანამედროვე მეთოდების გამოყენების პრაქტიკული უნარ-ჩვევები.

პრაქტიკული მეცადინეობების ფარგლებში, თსსუ-ს სპორტული მედიცინის და რეაბილიტაციის ცენტრის ექიმებისა და ამერიკელი სპეციალისტების ერთობლივი მონაწილეობით, გაიმართა ნევროლოგიურ დაზიანებებთან ასოცირებული კლინიკური შემთხვევების დემონსტრირება  და გარჩევა. სასწავლო კურსის გავლის შემდეგ ჩატარდა ტესტირება განვლილი მასალის მიხედვით, რომელსაც სტუდენტთა უმრავლესობამ წარმატებით გაართვა თავი. ამერიკელი სპეციალისტები კმაყოფილნი დარჩნენ  ჩატარებული მეცადინეობებით, როგორც აკადემიური, ასევე საორგანიზაციო ასპექტების გათვალისწინებით. მათ  გამოთქვეს   მომავალი თანამშრომლობის სურვილი.