„პერსონალიზებული მედიცინის სტრატეგიული ინტეგრაცია საქართველოში“ – სამუშაო შეხვედრა თსსუ-ში

„პერსონალიზებული მედიცინის სტრატეგიული ინტეგრაცია საქართველოში“ – სამუშაო შეხვედრა თსსუ-ში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემაზე „პერსონალიზებული მედიცინის სტრატეგიული ინტეგრაცია საქართველოში“, რომლის მიზანი იყო საერთაშორისო ორგანიზაციებთან (WHO, QPHI) პარტნიორობის გაღრმავება.

მოწვეულმა პროფესორებმა ყატარიდან, ესტონეთიდან, აფრიკიდან და თურქეთიდან სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარეს თავისი გამოცდილება პერსონალიზებული მედიცინის დანერგვისა და განვითარების შესახებ. მომხსენებლებმა ყურადღება გაამახვილეს ბიობანკისა და მონაცემთა ბაზების მნიშვნელობაზე, ასევე, თანამედროვე ტექნოლოგიური სქრინინგის როლზე პროგნოზირებად გენომიკაში.

შეხვედრაზე თსსუ-ის პროფესორმა თინათინ ტყემალაძემ და ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის დირექტორმა მალხაზ გეთიამ ისაუბრეს პერსონალიზებულ მედიცინასა და ფარმაკოგენომიკაზე, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს მედიკამენტების გაუმჯობესებაში.

დასკვნით ნაწილში თსსუ-ის ასისტენტ-პროფესორმა ნიკოლოზ ვაჩაძემ წაიკითხა მოხსენება ევროპის დაფინანსებისა და თანამშრომლობის გზებზე, რაც ახალ შესაძლებლობებს უქმნის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობისა და თანამშრომლობის გაფართოებაში.

აღინიშნა, რომ სამუშაო შეხვედრა მნიშვნელოვანი ნაბიჯია პერსონალიზებული მედიცინის ინტეგრაციისა და განვითარების კუთხით საქართველოში, რასაც ხელს უწყობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მჭიდრო კავშირები საერთაშორისო ორგანიზაციებთან.