პირის ღრუს ჯანმრთელობის მსოფლიო დღე თსსუ-ში

პირის ღრუს ჯანმრთელობის მსოფლიო დღე თსსუ-ში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 20 მარტს - პირის ღრუს ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა აქტივობა განხორციელდა, ხოლო დღის ბოლოს საჯარო ლექცია ჩატარდა.

ლექცია - ,,ყველაფერი (ან თითქმის ყველაფერი) პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაავადებების, ორგანიზმის ცალკეული ორგანოსა და ორგანოთა სისტემის პათოლოგიებთან მათი კავშირის, გამოკვლევისა და დიაგნოსტიკის სპეციფიური მეთოდების, დიფერენციაციისა და მკურნალობის შესახებ“  პაროდონტიტისა და პირის ღრუს ლორწოვანის დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მანანა ივერიელმა  წაიკითხა. 

პირის ღრუს დაავადებები ჯანმრთელობისთვის  მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, რაც  არა მხოლოდ ტკივილს და დისკომფორტს იწვევს, არამედ ხშირად ამცირებს ადამიანების ცხოვრების ხარისხს, იწვევს სოციალურ იზოლაციასა და თვითშეფასების დაკარგვას. რაც მთავარია, პირის ღრუს დაავადებების უმრავლესობა  პრევენცირებადია, ხოლო ადრეულ სტადიაზე მათი მკურნალობა უზრუნველყოფს ჯანმრთელობის გრძელვადიან შენარჩუნებას.

პირის ღრუს დაავადებებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს გლობალურ ავადობაში. ჯანმრთელი პირის ღრუ არ გულისხმობს მხოლოდ  ჯანმრთელ კბილებს, ის მოიცავს პირის ღრუს ორგანოებისა და ქსოვილების სიჯანსაღეს. პირის ღრუს ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია ორგანიზმის სხვა სისტემებთან და ხშირად სხვა დაავადებების განვითარების, გამწვავების და რისკის ზრდის საფუძველი შეიძლება გახდეს“– აღნიშნა  მანანა ივერიელმა.

თსსუ-ში ჩატარებული ლექციის და პირის ღრუს ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გამართული აქტივობების მთავარი მიზანი სტუდენტების და ფართო საზოგადოების ინფრომირებაა: პირის ღრუს ჯანმრთელობაზე, სწორი ქცევის როლსა  და ადრეული პრევენციის მნიშვნელობაზე.