რა უნდა ვიცოდეთ სიცოცხლის გადასარჩენად?
როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც ადამიანი უგონოდაა?
რას ვაკეთებთ თუ გული ჩერდება?
ამ კითხვებზე პასუხები დღეს თსსუ-ში ჩატარებული პირველადი გადაუდებელი დახმარების ვოქშოფის - ,,სამედიცინო სიმულაციის მასტერკლასის“ - მონაწილეებმა თეორიულადაც მოისმინეს და თეორიული ცოდნა პრაქტიკაშიც გამოსცადეს.
სიმულაციური სწავლების მასტერკლასი, რომელმაც სიცოცხლის გადარჩენის უნარების გაღრმავება და პრაქტიკული კომპეტენციების განვითარება გააერთიანა, ორი ეტაპისგან შედგებოდა.
I ეტაპი – სიმულაციური სწავლება:
პირველ ეტაპზე, 5 წევრიანი გუნდები გაეცნენ სიტუაციურ ამოცანებს. ამ კონკრეტულ სცენარებზე დაყრდნობით, ტრენერებმა მონაწილეებს ასწავლეს როგორ უნდა მართონ პაციენტი სხვადასხვა გადაუდებელი მდგომარეობის დროს. თეორიული ნაწილის გარდა, გუნდები ასევე დაეუფლნენ გადაუდებელი დახმარების ტექნიკას.
მასტერკლასის მონაწილეები რეალურ სიტუაციასთან მაქსიმალურად დაახლოებულ პირობებში იღებდნენ გადაწყვეტილბებს. სწავლების შემდეგ, თეორიაში გაიმართა ვიქტორინა, სადაც გუნდებმა შეამოწმეს თეორიული ცოდნა ისეთ თემებზე, როგორიცაა BLS (სიცოცხლის გადარჩენის ბაზისური ალგორითმი), CPR (გულისა და სუნთქვის შეწყვეტის დროს გატარებული ღონისძიებები), ტრავმების მართვა და კისრის იმობილიზაციის ტექნიკა, იმპროვიზებული ტურნიკეტის გამოყენება, ჰეიმლიხის მანევრის შესრულება (ზრდასრულისა და ბავშვის შემთხვევაში).
II ეტაპი – პრაქტიკული შეჯიბრი:
პირველადი გადაუდებელი დახმარების ტექნიკის შესწავლის შემდეგ, გუნდებმა მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოსცადეს. მასტერკლასის მონაწილეები ერთმანეთს სხვადასხვა სიტუაციურ ამოცანებზე რეაგირების სიზუსტესა და სისწრაფეში შეეჯიბრნენ.
ტრენერებმა თითოეული გუნდი გადაუდებელი დახმარების პრაქტიკული უნარების შესრულების ხარისხის მიხედვით შეაფასეს. საუკეთესო გუნდები, რომლებშიც შედიოდნენ, როგორც ქართულენოვანი, ასევე უცხოურენოვანი პროგრამების სტუდენტები, მასტერკლასის დასასრულს პრიზებით დააჯილდოვეს.
ვორქშოფი თსსუ-ის კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრის მხარდაჭერით, სტუდენტური სიმულაციური კლუბის, უოლტერ ე. დენდის თსსუ-ის ფილიალისა და თსსუ-ის ი.თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ორგანიზებით ჩატარდა.