პირველი რეგიონალური კონფერენცია -   ურგენტული აბდომინური ქირურგია - პრაქტიკიდან გაიდლაინამდე

პირველი რეგიონალური კონფერენცია - ურგენტული აბდომინური ქირურგია - პრაქტიკიდან გაიდლაინამდე

2018 წლის 20 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა პირველი რეგიონალური კონფერენცია-"ურგენტული აბდომინური ქირურგია - პრაქტიკიდან გაიდლაინამდე", რომლის ორგანიზატორები იყვნენ: საქართველოს გრიგოლ მუხაძის ქირურგთა ასოციაცია, გადაუდებელ ქირურგთა მსოფლიო ასოციაცია, საქართელოს ვისცერული ქირურგიის ასოციაცია, საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემია და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.

კონფერენციაზე მოწვეულნი იყვნენ წარმომადგენლები იტალიიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და ისრაელიდან. კონფერენციის ძირითად მიზანს  გადაუდებელ ქირურგთა მსოფლიო ასოციაციის მიერ შემუშავებული გაიდლაინების განხილვა და ქართულ რეალობასთან ადაპტირება წარმოადგენდა. აღსანიშნავია, რომ ასოციაციის მიერ უკვე შემუშავებულია ზოგად ქირურგთა კომპეტენციები, ხოლო აღნიშნული ავტორიტეტული ორგანიზაციის გაიდლაინების გამოყენება საქართველოში კიდევ ერთ წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს, არამხოლოდ დარგის, არამედ  ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის განვითარების მიმართულებით.

ღონისძიენა გახსნა და აუდიტორიის წინაშე მისასალმებელი სიტყვით წარსდგა ქირურგიის N2 დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი გია თომაძე. 

ღონისძიება შედგებოდა ორი პლენარული სესიისაგან, რომელზეც  დამსწრე საზოგადოებას  წარედგინა  8 გაიდლაინი.  თითოეული შემთხვევის განხილვა იწყებოდა უცხოელი ექსპერტის  მოხსენებით. გაიდლაინების ქართულ რეალობასთან მაქსიმალურად მორგების მიზნით, მთავარი მომხსენებლის   შემდგომ,  საკითხის განხილვას ქართველი თანამომხსენებელი განაგრძობდა,  დასასრულს კი მიმდინარეობდა მათი საჯარო განხილვა. 

იხილეთ ღონისძიების პროგრამა.