პოლონელი და სომეხი სტუდენტების სტაჟირება თსსუ–ის საუნივერსიტეტო კლინიკებში ბილატერალური გაცვლითი პროგრამის ფარგლებში

პოლონელი და სომეხი სტუდენტების სტაჟირება თსსუ–ის საუნივერსიტეტო კლინიკებში ბილატერალური გაცვლითი პროგრამის ფარგლებში

2014 წლის 1 ივლისიდან 27 ივლისის ჩათვლით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკებში სტაჟირება გაიარეს პოზნანის სამედიცინო მეცნიერებების უნივერსიტეტის (პოლონეთი) ექვსმა სტუდენტმა, გდანსკის სამედიცინო უნივერსიტეტის (პოლონეთი) ოთხმა სტუდენტმა და ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (სომხეთი) ჩვიდმეტმა სტუდენტმა.

სტაჟირების პროგრამა განხორციელდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების ფარგლებში, თსსუ–ის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ორგანიზებით. 

სტუდენტები სტაჟირებას გადიოდნენ კლინიკურ დეპარტამენტებში შემდეგ კლინიკებში:

  • თსსუ–ის  გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა
  • ავერსის კლინიკა
  • ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა
  • მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა
  • თსსუ–ის აპოლონ ურუშაძის სახელობის  სტომატოლოგიური კლინიკა

დეპარტამენტები:

  • ზოგადი ქირურგია
  • შინაგანი მედიცინა
  • ნევროლოგია
  • გინეკოლოგია
  • ენდოკრინოლოგია
  • ემერჯენსი
  • თერაპიული სტომატოლოგია

25 ივლისს, აკადემიური საბჭოს სხდომაზე, თსსუ–ის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ ბილატერალურ გაცვლით პროგრამაში მონაწილე პოლონელ და სომეხ სტუდენტებს სერტიფიკატები  გადასცა.

თსსუ–ის რექტორმა განსაკუთრებულად აღნიშნა ბილატერალური პროგრამის მნიშვნელობა და მზადყოფნა გამოთქვა ურთიერთთანამშრომლობის განვითარებისათვის.  აღსანიშნავია, რომ პოზნანის სამედიცინო მეცნიერებების და გდანსკის სამედიცინო უნივერსიტეტებთან ბილატერალური გაცვლითი პროგრამა პირველად განხორციელდა, ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი კი თსსუ–ის ტრადიციული პარტნიორი გახლავთ, მასთან თანამშრომლობით, უკვე მეოთხე წელია, წარმატებით ხორციელდება გაცვლითი პროგრამები.

გაცვლით პროგრამაში მონაწილე სტუდენტები კმაყოფილი დარჩნენ თანამედროვედ აღჭურვილი საუნივერსიტეტო კლინიკებით, ქართველი ექიმების მაღალი პროფესიონალიზმით. როგორც მათ აღნიშნეს, მოხარული იქნებიან, რომ მიეცეთ შესაძლებლობა და მომავალ წელსაც ჩამოვიდნენ საქართველოში სტაჟირების მიზნით, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში.

უცხოელმა სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს კულტურულ ღონისძიებაში და მოინახულეს თბილისის, მცხეთის და სიღნაღის ღირსშესანიშნავი ისტორიულ–კულტურული ძეგლები.